Facebook Twitter

ბს-1226-1188(კს-08) 11 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების (კერძო საჩივრის) ავტორი _ შპს ,,ო-ეს” დირექტორი ნ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება

განმცხადებლის (კერძო საჩივრის) მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,ო-ეს” დირექტორმა ნ. გ-ემ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ყველა იმ გარიგების ბათილად ცნობა, რაც განხორციელებულია ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ შპს ,,ო-ეს” კუთვნილ უძრავ-მოძრავ დაყადაღებულ ქონებაზე; ასევე მოითხოვა აღმასრულებლის მიერ შედგენილი 2007 წლის 15 მარტის აქტის ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და სააღსრულებო ბიუროს მიმართ, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,ო-ეს” დირექტორმა ნ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება.

შპს ,,ო-ეს” დირექტორმა ნ. გ-ემ 2008 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. განცხადების ავტორის განმარტებით, მის კერძო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისს მიღებული განჩინებით არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაუშვებელია, ვინაიდან დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ისეთ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლითაც საქმე არსებითად გადაწყდა დადებითად თუ უარყოფითად და ამ დროს სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა დასმულ საკითხთაგან რომელიმეს თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა; ნ. გ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ასეთი კატეგორიის განჩინებაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას კერძო საჩივრის შეტანისას, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს 50 ლარს; ხოლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო კანონმდებლობა რომც ითვალისწინებდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას, ნ. გ-ის განცხადება მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან მას გაშვებული ჰქონდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი 7 Dდღიანი ვადა.

შპს ,,ო-ეს” დირექტორმა ნ. გ-ემ 2008 წლის 16 ივლისს განცხადებით (კერძო საჩივრით) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის განცხადების (კერძო საჩივრის) საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება (კერძო საჩივარი) განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ასევე იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას; ხოლო სააპელაციო პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება მიღებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განჩინების თაობაზე 2008 წლის 13 მაისს შეტანილი კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს შპს ,,ო-ეს” დირექტორის 2008 წლის 13 მაისის კერძო საჩივართან დაკავშირებულ განჩინებას, რის გამოც მისი გასაჩივრებაც საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი განცხადება (კერძო საჩივარი) დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ო-ეს” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება (კერძო საჩივარი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.