Facebook Twitter

ბს-1228-1190(კს-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. წ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 24 ივლისს ლ. წ.-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” ცნობა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

განმცხადებელის განმარტებით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 9 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც კრედიტორს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ლ. წ.-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 3182,24 ლარი. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 ივნისის ¹410 ბრძანებულებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა და მის უფლებამონაცვლედ ხსენებულ ვალდებულებებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანების თანახმად, ცნობილ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, მოვალის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის გამო, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, განმცხადებელს მოსთხოვა ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა, სადაც მოვალედ მითითებული იქნებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ლ. წ.-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ლ. წ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” და დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

2008 წლის 16 სექტემბერს ლ. წ.-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ მისი განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ ხდებოდა იმ მოტივით, რომ ხსენებულ განჩინებაზე დაიშვებოდა კერძო საჩივარი და განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებდა იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ლ. წ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლ. წ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 25 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. წ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ლ. წ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” და დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

2008 წლის 16 სექტემბერს ლ. წ.-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ მისი განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ ხდებოდა იმ მოტივით, რომ ხსენებულ განჩინებაზე დაიშვებოდა კერძო საჩივარი და განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებდა იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ლ. წ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2008 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. წ.-ზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 46, 47)

ამდენად, დღეისათვის დავის საგანი არ არსებობს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა გახილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. წ.-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა1” პუნქტის შესაბამისად, რადგან არ არსებობს დავის საგანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. წ.-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.