Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1238-1200(კს-08) 7 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ა-ისა და მისი წარმომადგენლის ა. კ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 28 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1238-1200(კს-08) მ. ა-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა არის 12 (თორმეტი) დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება ორივე მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მ. ა-სა და მის წარმომადგენელს ა. კ-ას გაეგზავნათ 2008 წლის 3 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 6). საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, 2008 წლის 4 სექტემბერს ჩაჰბარდა მ. ა-თვის გადასაცემად მის შვილს _ გ. ხ-ას, ხოლო წარმომადგენელს ა. კ-ას ჩაჰბარდა _ 2008 წლის 8 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 8; 11), ხოლო კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 18 სექტემბერს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა მხარეს და მის წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, გაგზავნილი დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

ამდენად, მითითებული ნორმების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად ითვლება კერძო საჩივრის ავტორთათვის – მ. ა-თვის და მისი წარმომადგენლისათვის _ ა. კ-თვის 2008 წლის 4 სექტემბერს, რადგან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად 2008 წლის 4 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ა-თვის გადასაცემად ჩაჰბარდა სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს _ შვილს (იხ. ს.ფ. 34). შესაბამისად, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 16 სექტემბერს, კერძო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 18 სექტემბერს, გასაჩივრების ვადის დარღვევით.

ის გარემოება, რომ წარმომადგენელს სასამართლო აქტი ჩაჰბარდა 2008 წლის 8 სექტემბერს არა აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა საპროცესო ვადის ათვლისათვის, რამდენადაც მხარეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 4 სექტემბერს, სწორედ ამ თარიღიდან უნდა მოხდეს საპროცესო ვადის ათვლა სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.