Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-124-123(კს-08) 4 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. წ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.

2006 წლის 31 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა მოპასუხე ა. წ-ის მიმართ და ხელშეკრულების დარღვევისათვის ჯარიმის სახით მოპასუხისათვის 14000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2005 წლის 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. წ-ს შორის, ოთხი წლის ვადით, დაიდო ხელშეკრულება. გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად, განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. ხსენებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში, მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა სამხედრო მოსამსახურესთან ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის აენაზღაურებინა ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მასზე დახარჯული ფულადი თანხა.

მოსარჩელის განმარტებით, ა. წ-მა დაარღვია ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულების 7.3 მუხლისა და აღნიშნულ ხელშეკრულებაში განხორციელებული დამატების თანახმად, იგი ვალდებული იყო ჯარიმის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აენაზღაურებინა 14000 ლარი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. წ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე ა. წ-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ მას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება მხოლოდ 2007 წლის 13 ივლისს გადაეცა, ვინაიდან იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ხოლო რეგისტრირებული იყო დუშეთის რაიონის სოფელ ......-ში, სადაც იშვიათად ჩადიოდა და სადაც იგზავნებოდა მის სახელზე გაგზავნილი სასამართლოს გზავნილები.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. წ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. წ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალების თანახმად, ა. წ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 75). ამასთან, საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ მას მის მიერ მითითებულ მისამართზევე გაგზავნილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 82). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი თორმეტდღიანი ვადა ამოეწურა 2007 წლის 22 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 3 იანვარს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. წ-მა დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ა. წ-ის კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.