Facebook Twitter

¹ბს-1245-1207(კს-08) 3 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე მარიამ ცისკაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო ი. პ-ის კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო (შპს “სკს”) ბარათიდან (ბარათზე არის ი. პ-ის შვილის _ ზ. პ-ის ხელმოწერა) ირკვევა, რომ ი. პ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სააპელაციო საჩივარში (სასარჩელო განცხადებაში) მითითებულ მისამართზე _ დაბა ადიგენი, ........ ქ. ¹3/6, ჩაჰბარდა 2008 წლის 9 ივლისს (ს.ფ. 92), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2008 წლის 21 ივლისის შემდეგ, კერძოდ, არა უადრეს 2008 წლის 22 ივლისისა, რადგან კერძო საჩივარში ამავე საჩივრის თარიღად სწორედ 2008 წლის 22 ივლისია მითითებული, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2008 წლის 21 ივლისს (რაც შეეხება საფოსტო კონვერტს, რომლითაც იქნა შეტანილი კერძო საჩივარი, მასზე არ იკითხება შეტანის თარიღი, თუმცა აღნიშნული თარიღი ვერ იქნება 2008 წლის 22 ივლისზე ადრინდელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. პ-ემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, აღნიშნული მუხლის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად _ კანონის ანალოგიით, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი. პ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.