ბს-126_125 (კს-08) 30 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.2008 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფირმა “....” სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 17.04.1986 წ. ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹64 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ცენტრის მშენებლობისათვის ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ჩრდილოეთ მხარეს 0,1 მიწის ნაკვეთი გამოეყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე ხაშურის ქალაქვაჭრობამ სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹.... ააშენა.
1993 წელს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქვაჭრობის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კომერციული ფირმა “....”. 30.05. 95 წ. ფირმა “...” აუქციონის წესით შეისყიდეს თ. გ-ემ და აწ გარდაცვლილმა მ. ხ-ემ. სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, .... ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹.... თ. გ-ეს გადაეცა საკუთრებაში. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, მის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ იქნა საკუთრების უფლებით მიკუთვნებული.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 06.03.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩართულ იქნენ: ქ. ხაშურის თვითმმართველობა და ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმარველო. 12.03.03 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ხაშურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.04.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული ქ. ხაშურის თვითმმართველი ერთეული შეიცვალა ხაშურის რაიონის გამგეობით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.07.03 წ. გადაწყვეტილებით ფირმა “....”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მიწის მართვის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უარი ფირმა “...” მიმართ დოკუმენტებში დაფიქსირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის და რეგისტრაციის შესახებ უკანონოდ იქნა ცნობილი, ფირმა “....”-ს მის სარგებლობაში არსებული 4256 კვ.მ მიწის ფართობი გადაეცა და ჯარიმის დაკისრების გარეშე დადგინდა მისი რეგისტრაცია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ. სააპელაციო პალატის 11.12.03 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ხაშურის საკრებულო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.04.04წ. გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.07.03წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ფირმა “....” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა “....” უფლებამონაცვლემ _ შპს “......”
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.02.05წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.04.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატის 13.05.05 წ. განჩინებით ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.08წ. განჩინებით მესამე პირის _ ხაშურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ხაშურის მუნიციპალილეტის გამგეობა, მესამე პირის _ ხაშურის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მესამე პირის _ ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს უფლებამონაცვლედ _ ხაშურის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.
სააპელაციო პალატის 14.01.08 წ. განჩინება მესამე პირის _ ხაშურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართვის ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინების ამ ნაწილში გაუქმება იმ საფუძვლით, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 01.01.06წ. მდგომარეობით შესაბამის რაიონში თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 47.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე რაიონულ დონეზე შექმნილი იყო ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო _ რაიონის საკრებულო და აღმასრულებელი ორგანო _ რაიონის გამგეობა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული იყო, რომ რაიონის გამგეობა იყო სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას და დელეგირებულ უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილების მიღებას. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, აღნიშნული ადასტურებს, რომ რაიონის გაგეობა სახელმწიფო ორგანო იყო და მას მინდობილი ჰქონდა დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება. მუნიციპალილეტი არ არის მმართველობის ორგანო, ხაშურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე და შესაბამისად დავაში მმართველობის ორგანოს _ ხაშურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ თვითმმართველობითი ორგანოს _ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დადგენის სამართლებრივი საფუძველი, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. ორგანული კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი არის მანამდე არსებული თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამართალმემკვიდრე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა (მთავრობა).
განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს _ ხაშურის რაიონის გამგეობა, რომელიც შეიცვალა მუნიციპალიტეტის გამგეობით. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 651 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეული.
ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. ორგანული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა დადგენილი ხაშურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.08წ. განჩინების გასაჩივრებული ნაწილი, რომლითაც ხაშურის რაიონის გამგეობა უფლებამონაცვლით _ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით შეიცვალა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.08 წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.