ბს-129-120(კს-07) 7 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
... კომპანიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური გავითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მესამე პირების გ. გ-ის და სს ,,... კორპორაციის მიმართ,, და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარების სამინისტროს 31.05.06წ. ¹1-1/478 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ახალციხის ტერიტოიული ორგანოს ¹44 და ¹45 ოქმების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.06წ. გადაწყვეტილებით ... კომპანიის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხისა და პრივატიზების ახალციხის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 02.03.06წ. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 31.05.06წ. ¹1-1/478 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.07წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელნტის მიერ დარღვეული იქნა სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. კერძო საჩივარს თან ერთვოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.06წ. გადაწყვეტილების 01.12.06წ. ჩაბარების დასტური და შპს ,,საქართველოს ფოსტის” მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდეციის შესახებ 15.12.06წ. ¹1009 რეესტრის ამონაწერი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება მიიღო 01.12.06წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 15.12.06წ., რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის” მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის გადაცემის 15.12.06წ. ¹1009 რეესტრის ამონაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ დაურღვევია სსსკ-ის 369.1 მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარზე თანდართული შპს “საქართველოს ფოსტის” მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹1009 რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შპს “საქართველოს ფოსტას” კერძო საჩივარი 15.12.06წ. ჩაბარდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.06წ. გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩაბარდა 01.12.06წ. (ს.ფ. 208, 270)
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილით მითითებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა, ვინაიდან სსკ-ის 369.1 მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან. სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თნახმად საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.07წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.07წ. განჩინება;
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.