Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-129-128(კს-08) 13 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანება ვ. კ-ის _ აქციზური საქონლის სამმართველოს აქციზური საქონლის განყოფილების ....-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და ვ. კ-ი აღდგენილ იქნა დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; ვ. კ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე; ვ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების _ 2724 ლარის გადახდა; ხსენებული გადაწყვეტილება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინება ვ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ვ. კ-ის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების _ 2724 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინება გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. კ-ი აღდგენილ იქნა დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე _ 2005 წლის 18 აპრილამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2007 წლის 28 სექტემბერს ვ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. ვ. კ-მა მიუთითა, რომ მისთვის ბუნდოვანი იყო, თუ რომელი თანამდებობიდან უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს განაცდური ხელფასი _ ძველის მიხედვით, რომელიც მისი სამსახურში აღდგენისას უკვე შემცირებული იყო, თუ იმ ტოლფასი თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც დაინიშნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე 2008 წლის 30 იანვარს ვ. კ-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომელიც საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ვ. კ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ვ. კ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ნაწილში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ვ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 17 იანვარს (2 ტ, ს.ფ. 32). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი თორმეტდღიანი ვადა მისთვის ამოიწურა 2008 წლის 29 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 30 იანვარს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. კ-მა დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ვ. კ-ის კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.