ბს-1301-1261(კს-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. შ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ხ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა
დავის საგანი _ მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 23 აგვისტოს ს. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1980 წლის აგვისტომდე მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹32-ში მდებარე სახლში, რომელიც იყო ავარიული. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დაინგრა და 1980 წელს ისნის რაიონული საბჭოს აღმასკომმა ოთხსულიან ოჯახს საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ...-ში, მე-... მიკრორაიონში, კორპუსი ..., ბინა ¹111. 1986 წელს ს. ხ.-ე საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან. 1995 წელს მოსარჩელის ყოფილმა მეუღლემ თავისი საცხოვრებელი ბინა გაყიდა და იგი იძულებული იყო საცხოვრებლად გადასულიყო თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ცხოვრობდენ მშობლები და მოსარჩელის და.
მოსარჩელის განმარტებით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მან შესთავაზა თავის დას _ ე. შ.-ს, მოეხდინათ ხსენებული ბინის პრივატიზება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ე. შ.-ს უკვე განხორციელებული ჰქონდა ბინის პრივატიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, 1998 წლის 5 ივნისის ¹2/712 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის 5 ივნისს თბილისის ...-ის რაიონის ... მ/რ ტერიტორიული სამსახურის წარმომადგენელ რ. ჭ.-ესა და ე. შ.-ს შორის დადებული ... პრივატიზაციის ხელშეკრულება ე. შ.-სათვის ქ. თბილისში ...-ის მასივი, მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ¹111-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მოცემულ შემთხვევაში 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილი იყო გარიგება, რომელიც არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, მოქალაქის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) მას საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ, შეიძლება გადასცემოდათ მათ საერთო საკუთრებაში. იმავე დადგენილების მე-5 პუნქტის I ნაწილით დადგენილი იყო, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998 წლის 5 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების ზემოთ დასახელებულ პუნქტებს, რადგან არ ყოფილა გამორკვეული ოჯახის წევრის _ ს. ხ.-ის ნება აღნიშნულ პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, 1998 წლის 5 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, როგორც კანონშეუსაბამო გარიგება, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლი 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. შ.-მ.
აპელანტის განმარტებით, 1998 წლის ივნისის თვეში, როდესაც განხორციელდა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია, ბინაში რეგისტრირებული იყვნენ ე., მ. და ა. შ.-ები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ და სარგებლობდნენ საცხოვრებელი ფართით. ე. შ.-ის მიერ წარდგენილ იქნა მ. და ა. შ.-ების მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ე. შ.-ის სასარგებლოდ თავიანთი წილის დათმობის შესახებ.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ ს. ხ.-მ 1986 წლიდან ნებაყოფლობით დატოვა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 1990 წლის 4 სექტემბრიდან თავისივე სურვილით ამოეწერა სადავო ბინიდან.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე, 374-ე, 375-ე, 377-ე, 386-ე მუხლებზე, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგების პირობები, რომლის თანახმად, აპელანტს უნდა აენაზღაურებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის მე-... მ/რ, კორპ. ... ბინა ¹111, მორიგების აქტით განსაზღვრული წილის შესაბამისი ღირებულბა მორიგების დამტკიცებიდან სამი თვის ვადაში; ე. ხ.-მ აიღო ვალდებულება, ბინის რეალიზაციის შემთხვევაში, მიღებული თანხის 1/4 ნაწილი გადაეცა ს. ხ.-სათვის, ხოლო 3/4 დარჩებოდა ე. შ.-ს, ან 3/4-ს გადაიხდიდა ს. ხ.-ე; მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ სადავო ბინაზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის გაუქმების თაობაზე; მხარეების მიერ მორიგების აქტის პირობების პირველი პუნქტის შესრულებისას, ე. შ.-ის მიერ თანხის გადაცემის შემთხვევაში, ს. ხ.-ს საცხოვრებელი ბინის გასათავისუფლებლად მიეცა ერთთვიანი ვადა; ორივე მხარის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო ბინის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ბინის გასაყიდ ღირებულებაზე 44 ათასიდან 48 ათასამდე აშშ დოლარის ფარგლებში; აღნიშნული განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
2008 წლის 26 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. შ.-მ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შესთავაზა ს. ხ.-ს მორიგების აქტით დადგენილი ბინის ღირებულების 48 ათასი აშშ დოლარის ერთი მეოთხედი, 12 ათასი აშშ დოლარი, თუმცა ს. ხ.-ე უარს აცხადებს მორიგების პირობების შესრულებაზე, ასევე, იგი უარს აცხადებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებაზე და მის გაუქმებაზე.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-420-ე მუხლებზე და ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის იმავე სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ე. შ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 25 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. შ.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება მიღებულ იქნა კანონის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, თუ მხარეები მორიგდებიან, სასამართლო, მხარეთა განცხადებით, ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას.
სააპელაციო საამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაამტკიცა მორიგების პირობები და შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ან თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საპროცესო ნორმების დარღვევით არ არის მიღებული და არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არ სრულდება მორიგებით დამტკიცებული პირობები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები ექვემდებარება აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. აქედან გამდინარე, საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება არ სრულდება, მხარეს შეუძლია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიაქციოს იგი იძულებით აღსასრულებლად, რაც ხორციელდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტისა და მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საპროცესო ნორმების დარღვევით მიღებული და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო საამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.