Facebook Twitter

¹ბს-131-122(კს-07) 17 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თბილისის სააღსრულებო ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს (თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 6 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ლ. ა-ის მიმართ და მოითხოვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით საჯარო აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ..... ქ. ¹17-ში მესაკუთრედ ლ. ა-ის ცნობის შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 22 სექტემბრის ¹01/21 განკარგულების გაუქმება და მოპასუხისათვის ქონების ღირებულების 3%-ის დაკისრება (იხ. ს.ფ. 1).

თბილისის სააღსრულებო ბიუროს სარჩელი არ ცნო მოპასუხემ და შესაგებლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 18-19).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 22 სექტემბრის ¹01/21 განკარგულება და მოპასუხე ლ. ა-ეს დაეკისრა სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ ქონების ღირებულების 3%-ის გადახდა (იხ. ს.ფ. 23-25).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის გაუქმება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ქონების ღირებულების 3%-ის გადახდა არა ქონების ღირებულების, არამედ იძულებით საჯარო აუქციონზე ქონების შეძენის ფასის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 29).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 32-33).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა 2006 წლის 28 დეკემბერს, რაც დასტურდება თბილისის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის ჟურნალში მითითებული ჩანაწერით, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააღსრულებო ბიურომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2007 წლის 10 იანვარს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მათ მიერ დაცულია სსსკ-ის 369.1. მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 38).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. მუხლის “ა” ქვეპუნქტის და 394. მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2006 წლის 26 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მათ მიერ შეტანილია 2007 წლის 10 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლო თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონით და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა თუ არა სსსკ-ის 73.3. მუხლის დაცვით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გზავნილს, რომლითაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელს აწერს თ. ქ-ი. გზავნილზე მითითებულია ჩაბარების თარიღი: 26.12.06, მაგრამ არ არის აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს კორესპონდენციათა რეგისტრაციის ბეჭედი, შესაბამისად, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ არ გამოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს კორესპონდენციათა მიღებისა და რეგისტრაციის ჟურნალი, რათა ობიექტურად გამოეკვლია, ჩაჰბარდა თუ არა მხარეს სასამართლო გზავნილი, მაშინ, როცა კერძო საჩივარზე თანდართული თბილისის სააღსრულებო ბიუროს კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებული ასლის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ლ. ა-ის საქმეზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში რეგისტრირებულია 2006 წლის 28 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 39/, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 10 იანვარს /იხ.ს.ფ. სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაციის ბეჭედი/.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, შეაფასოს ზემომითითებული გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს 2006 წლის 26 დეკემბრის გზავნილზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა მ. ქ-ის მიერ, ასევე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააღსრულებო ბიუროს რეგისტრაციის ჟურნალში რეგისტრირებულია რა 2006 წლის 28 დეკემბერს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საფუძველს, რომ ამ თარიღით მოხდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეგისტრირება ადმინისტრაციულ ორგანოში ნაცვლად გზავნილზე არსებული ჩანაწერისა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ უნდა გამოიტანოს დასკვნა სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ დასკვნა იმის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესით და რა თარიღით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემომითითებული გარემოების დადგენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლო გამოიტანოს დასკვნა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცულია თუ არა სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზვრული 14-დღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.