Facebook Twitter

ბს-1329-1288 (კს-08) 24 დეკემბერი, 2008წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. შ.-ე, მ. გ.-ე, თ. გ.-ი და სხვები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირი-საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია

დავის საგანი _ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის გადახდევინება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. შ.-მ, მ. გ.-მ, თ. გ.-ა, ე. მ.-მ, გ. ვ.-მ, ლ. კ.-მ, ნ. კ.-მ, ნ. პ.-მა, მ. ს.-მ, მ. კ.-მ, ლ. მ.-მ, მ. ნ.-მ, ი. გ.-მ, თ. ტ.-მ, მ. ზ.-მა, ი. რ.-მ, ე. ქ.-მ, ლ. ჯ.-მ, ჯ. ჩ.-მ, ზ. ბ.-მა 2007 წლის ივლისში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის გადახდევინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით თ. შ.-ის, მ. გ.-ის, თ. გ.-ის, ე. მ.-ის, გ. ვ.-ის, ლ. კ.-ის, ნ. კ.-ის, ნ. პ.-ის, მ. ს.-ის, მ. კ.-ს, ლ. მ.-ის, მ. ნ.-ის, ი. გ.-ის, თ. ტ.-ის, მ. ზ.-ის, ი. რ.-ის, ე. ქ.-ს, ლ. ჯ.-ის, ჯ. ჩ.-ის, ზ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა თ. შ.-მ, მ. გ.-მ, თ. გ.-მა და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟი; აღნიშნული ხარვეზის შესავსებად მათ მიეცათ ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს და სააპელაციო საჩივრისათვის არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. შ.-ის, მ. გ.-ის, თ. გ.-ისა და სხვათა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

მათი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

“კოოპერატიული ბინათმშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის კომპენსაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილება მიღებულ იქნა ბინათმშენებელთა სოციალური დაცვის მიზნით, იმავე მიზანს ემსახურება “საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულება. კერძო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ დავის საგანი დაკავშირებულია სოციალური დაცვის საკითხთან, რაც გამოწვულია სახელმწიფოს მიერ კანონით აღიარებული ვალდებულებების შეუსრულებლობით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის სფუძველზე აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს ამავე დავის საგანთან დაკავშირებით, სადაც მოსარჩელეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ თ. შ.-ის, მ. გ.-ის, თ. გ.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟი; ამავე პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის გადახდევინება. ამიტომ საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან მოცემული დავა ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის გამო სახელმწიფოს მიერ შიდა ვალთან დაკავშირებულ საკითხებს, ამიტომ აპელანტები უნდა განთავისუფლებულ იქნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს თ. შ.-ის, მ. გ.-ის, თ. გ.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

თ. შ.-ის, მ. გ.-ის, თ. გ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.