Facebook Twitter

ბს-133-124(კს-07) 19 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოსარჩელე _ გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

მოპასუხე _ თ. გ-ი

მესამე პირი _ ც. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – საქმეში მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 26 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველომ მოპასუხე თ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მოპასუხე თ. გ-თან დადებული სოფელ ...ში მდებარე ინკუბატორისა და არასაცხოვრებელი ფართის იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება; ბ. დარჩენილი 49%-ის გამოსყიდვის უფლების მიცემა 51%-ის მფლობელ ც. ყ-ისათვის (ტ. 1, ს.ფ. 2-3).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულება მოიჯარე თ. გ-თან სოფელ ...ის ინკუბატორისა და არასაცხოვრებელი ფართის გამოსყიდვის თაობაზე, დარჩენილი 49%-ის გამოსყიდვის უფლება მიეცა 51%-ის მფლობელ ც. ყ-ს (ტ. 1, ს.ფ. 40-42).

2004 წლის 23 აგვისტოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება შეიტანა თ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება (ტ. 2, ს.ფ. 3-7).

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განჩინებით თ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება (ტ. 2, ს.ფ. 142-142ა).

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ც. ყ-ი (ტ. 2, ს.ფ. 144)

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელზე ც. ყ-ისათვის დარჩენილი 49%-ის გამოსყიდვის უფლების მიცემის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო; აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განჩინება საქმეში მესამე პირად ც. ყ-ის ჩაბმის შესახებ და იგი განთავისუფლდა მესამე პირის საპროცესო უფლება-მოვალეობისაგან (ს.ფ. 162-163).

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოიჯარე თ. გ-თან 1999 წლის 30 აპრილს დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 173-179).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველომ და გურჯაანის რაიონის გამგეობამ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 209-211, 214-216).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით გურჯაანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 229-230).

2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მხარს უჭერდა სარჩელს და სააპელაციო საჩივარს. საპრივატიზაციო ობიექტი (...ის ინკუბატორი) საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 3 ივნისის ¹1-3/380 ბრძანებით პრივატიზაციის მიზნით გადაეცა გურჯაანის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს. განმცხადებელმა მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმა, იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება სამინისტროს კანონიერ ინტერესებს, რაც გამომდინარეობს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონიდან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მეორე მუხლიდან და ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 3 ივნისის ¹1-3/380 ბრძანებიდან. განმცხადებლის მითითებით, სამინისტროს გურჯაანის ტერიტორიულმა ორგანომ სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მოახდინა საპრივატიზაციო ობიექტის განკარგვა. ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 3 ივნისის ¹1-3/380 ბრძანებიდან კი ცალსახად ჩანდა სამინისტროს კანონიერი ინტერესი და სასამართლო გადაწყვეტილების მოსალოდნელი შემხებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერესებთან (ს.ფ. 290-291, 300).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შუამდგომლობაში არ უთითებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის რომელი ნაწილით ითხოვს საქმეში მესამე პირად ჩაბმას. როგორც შუამდგომლობის შინაარსიდან ირკვევა, სამინისტრო საქმეში მესამე პირად ჩაბმას უნდა ითხოვდეს ადმინისტრაციული საპროცესო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან შუამდგომლობაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შეეხება სამინისტროს ინტერესებს და არ არის აღნიშნული, რომ სამინისტრო იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომელზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნული ბუნებრივიცაა, რადგან დავის საგანს არ წარმოადგენს ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 3 ივნისის ¹1-3/380 ბრძანება, რომლითაც ...ის ინკუბატორი პრივატიზების მიზნით გადაეცა გურჯაანის ქონების მართვის სამმართველოს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-22 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, პირი შეიძლება საქმეში ჩაბმულ იქნეს მესამე პირად ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველომ 2006 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე უკვე იშუამდგომლა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ იმ მოტივით, რომ საქმე რთული კატეგორიის იყო, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თავად შუამდგომლობის ავტორი _ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აღიარებდა, რომ ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებითაც წარმოდგენილი შუამდგომლობა სრულიად უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 303-305).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო ქონება და შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება არის ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 3 ივნისის ¹1-3/380 ბრძანების სამართლებრივი შედეგი. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ამ ბრძანებით საპრივატიზაციო ობიექტი პრივატიზაციის განსახორციელებლად გადაეცა გურჯაანის სამმართველოს, რომელმაც იჯარა-გამოსყიდვით გაასხვისა იგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია სამინისტროს კანონიერი ინტერესი სასამართლო გადაწყვეტილებისადმი. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმეში სამინისტროს მესამე პირად ჩაბმას ითხოვდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება შეეხებოდა სამინისტროს ინტერესებს (ს.ფ. 313-314).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელი მესამე პირია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე, ან არის თუ არა საერთოდ, წყვეტს სასამართლო, მიუხედავად იმისა, მე-16 მუხლის რომელი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმას ითხოვს საქმეში განმცხადებელი.

მოცემულ საქმეზე სარჩელის დავის საგანია გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების კანონიერება. მოსარჩელეა გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვა და პრივატიზება, ზოგადად, სამინისტროს საქმიანობის სფეროა, რასაც ადგილებზე სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

“საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს. ამავე დანაწესს იმეორებს სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომ სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ სამინისტროს. ამდენად, საქმეში მონაწილე გურჯაანის ტერიტორიული სამმართველო მის კომპეტენციას მიკუთვნებულ მოცემულ კონკრეტულ სადავო საკითხზე იმავდროულად სამინისტროს წარმოადგენს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქმეში ჩაბმას ითხოვს მესამე პირად, მაშინ როდესაც საქმეში იგი უკვე წარმოდგენილია და მონაწილეობს მისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სამინისტრო მოცემულ საქმეზე წარმოადგენს არა მესამე პირს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის ან მე-2 ნაწილის საფუძველზე, არამედ თვითონ და მისი ტერიტორიული ორგანო ერთი მხარეა, მოცემულ შემთხვევაში _ მოსარჩელე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის თაობაზე, უნდა განუმარტოს მისი პროცესუალური სტატუსის შესახებ და მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუშვას საქმეში გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან ერთად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.