¹ბს-137-128(კს-07) 27 სექტემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს.-ი”, წარმომადგენელი თ. თ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ზუგდიდის რაიონის გამგეობა
მესამე პირები _ ს. ჟ.-ა, ა. ქ.-ა, რ. ს.-ა, ე. ზ.-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, შპს “ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულება შპს “ს.-ის” სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით ...-ის ცენტრალური კარის ჩაკეტვის შესახებ, დადგინდა შპს “ს.-ის” ცენტრალური შესასვლელი კარის გახსნა ...-ის ქუჩიდან, დადგინდა შპს “ს.-ის” ცენტრალურ შესასვლელ კართან ...-ის ქუჩიდან დროებითი ღობის აღება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (ს.ფ. 517-523).
2006 წლის 28 ივლისს შპს “ს.-ის” წარმომადგენელმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თხოვნით განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
განმცხადებლის მითითებით, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონის გამგეობას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, იგი კანონიერ ძალაში იყო შესული, რის გამოც იგი ითხოვდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ს.ფ. 532-533).
2006 წლის 3 აგვისტოს იმავე სასამართლოში განცხადება წარადგინა ზუგდიდის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 სხდომის დადგენილება, რომელიც მხარის მიერ გასაჩივრებული იყო და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული (ს.ფ. 537).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის განცხადება ამავე სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თობაზე დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდა სამი თვის ვადით შემდეგი მოტივებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება.
ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით შეიზღუდა შპს “ს.-ის” ცენტრალური კარის ფუნქციონირება ...-ის ქუჩიდან. აღნიშნული დადგენილება წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას, რომლის გამოც უნდა მომხდარიყო სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება.
მართალია, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულება და უნდა გახსნილიყო შპს “ს.-ის” ცენტრალური კარი ...-ის ქუჩიდან, მაგრამ 2005 წლის 18 მარტის შემდეგ ზუგდიდის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით კვლავ შეზღუდა შპს “ს.-ის” ცენტრალური კარის ფუნქციონირება. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საფუძველს, რამდენადაც 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებაზე სასამართლოში დავა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო. ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებიდან გამომდინარე კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან აღნიშნული დადგენილება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო (ს.ფ. 576-579).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, შპს “ს.-ის” დირექტორის გ. კ.-ს წარმომადგენლის თ. თ.-ს სარჩელი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 დადგენილების ბათილად ცნობისა და შპს “ს.-ის” ტერიტორიაზე შესასვლელ ცენტრალურ ჭიშკართან აღმართული ღობის ფუნქციის მატარებელი კაპიტალური ნაგეობიბის აღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 561-569).
2006 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “ს.-მა”. განმცხადებელმა განმეორებით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვის ვადით გადავადების თაობაზე, არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში იყო შესული. ამათან, გავიდა მითითებული განჩინებით განსაზღვრული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების 3-თვიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 592-593).
აღნიშნულ საკითხზე მოსაზრება წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თხოვნის საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. იმდენად, რამდენადაც ერთი და იმავე საგანზე სააღსრულებო ფურცელი ერთხელ უკვე იყო გაცემული, ამიტომ შპს “ს.-ის” განცხადება 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე საღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 602).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს “ს.-ის” წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის განკარგულება შპს “ს.-ის” ჭიშკრის ჩაკეტვის შესახებ, მაგრამ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის განკარგულებით კვლავ შეიზღუდა Aშპს “ს.-ის” ჭიშკარი. ეს განკარგულება კანონიერად ჩაითვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე ვერ გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 604-605).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ...-ის ცენტრალური კარის ჩაკეტვის შესახებ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულების ბათილად ცნობასთან ერთად, გაიხსნა შპს “ს.-ის” ცენტრალური შესასვლელი კარი ...-ის ქუჩიდან და დადგინდა შპს “ს.-ის” ცენტრალურ შესასვლელ კართან ...-ის ქუჩიდან დროებითი ღობის აღება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა არა მარტო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის ნაწილში, არამედ ცენტრალური შესასვლელი კარის გახსნისა და დროებითი ღობის აღების ნაწილშიც.
იმავდროულად, 2005 წლის 21 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის გამგეობამ მიიღო ¹94 დადგენილება შპს “ს.-ის” ცენტრალური კარის (...-ის ქუჩიდან) ფუნქციონირების შეზღუდვის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილების ძალაში დატოვება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დაიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. აქედან გამომდინარე, სააღსრუილებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმაზე შესაძლოა მხოლოდ მაშინ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული სასამართლოს მიერ, როდესაც უქმდება ან იცვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისად. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება გადავადებულ იქნა 3 თვის ვადით. აღნიშნული განჩინება ძალაშია შესული და ექვემდებარება შესრულებას (ს.ფ. 607-612).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე, რომელზეც შპს “ს.-ი” ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, დავის საგანს წარმოადგენდა: ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც დროებით ჩაიკეტა შპს “ს.-ის” ცენტრალური შესასვლელი კარი ...-ის ქუჩიდან, ღობის აღება, შპს “ს.-ის” ცენტრალური შესასვლელი კარის აღდგენა და გახსნა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის განხილვის პროცესში, ზუგდიდის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულება და შეზღუდა შპს “ს.-ის” ცენტრალური კარის ფუნქციონირება. მოსარჩელეებმა აღნიშნული დადგენილების მიღების შემდგომ ახალი სარჩელით მოითხოვეს ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 დადგენილების ბათილად ცნობა და შპს “ს.-ის” ტერიტორიაზე გასასვლელ ცენტრალურ ჭიშკართან აღმართული ღობის ფუნქციის მატარებელი კაპიტალური ნაგებობის აღება. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე კანონიერ ძალაშია შესული და რომელზეც სააღსრულებო ფურცელი გაცემულია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ორი კანონიერ ძალაში შესული, ფაქტობრივად, ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების არსებობას, რომელთაგან ერთი ადგენს, რომ უნდა მოხდეს ღობის აღება, ცენტრალური კარის აღდგენა და გახსნა, ხოლო მეორე ადგენს, რომ ღობე არ უნდა იქნეს აღებული. იმავდროულად, მეორე გადაწყვეტილებით კანონიერად არის ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 დადგენილება, რომლითაც დადგენილია შპს “ს.-ის” ცენტრალური შესასვლელი კარის შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირება. ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹63 განკარგულების ბათილობის მოთხოვნა შედეგობრივად დაკავშირებულია ღობის აღებისა და კარის გახსნის მოთხოვნებთან და მასვე უკავშირდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების რეალური ინტერესი, რის გამოც 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება განკარგულების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში განყენებულად ვერ განიხილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა ორი კანონიერ ძალაში შესული, შედეგობრივად ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების კონკურენციის არაორდინალური შემთხვევა, რა დროსაც აღსრულების საკითხზე საპროცესო კანონმდებლობა და კანონი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” არ შეიცავს კონკრეტულ მოწესრიგებას. საერთო წესის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას. თუკი არსებობს აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევები, აღნიშნული წარმოადგენს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების საფუძველს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-35-ე მუხლების შესაბამისად, მაგრამ მითითებული მუხლები სადავო შემთხვევას არ აწესრიგებს. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ძირითადი მიზანია აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალურთიერთობის რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა, რომელსაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ადგენს, რეალურად ვერ იარსებებს, იგი გამორიცხა შემდგომ მიღებულმა, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულმა 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებამ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ პირველი, დროში წინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ვერ იწვევს მეორე, დროში გვიანდელი, 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალურთიერთობის ანულირებას (რამდენადაც ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 დეკემბრის ¹94 დადგენილება კანონიერადაა ცნობილი და მოქმედებს), ხოლო ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება გამორიცხავს პირველით დადგენილი სამართალურთიერთობის არსებობას და რეალობას. აქედან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის გაცემა სადავო ურთიერთობის რეალიზაციის მიზნით შეუძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.