ბს-139-130(კს-07) 21 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ფ...ის” წარმომამდგენელი ა. კ-ე
'გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის პოლიციის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ფ...ის” მიმართ დავალიანების - 44700 ლარის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქუთაისის დაცვის პოლიციასა და შპს ,,ფ...ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 1997 წლის 1 ოქტომბერს, შემდეგ კი - 1998 წლის 1 იანვარს, რომლის მიხედვითაც ქუთაისის პოლიციას უნდა გაეწია დაცვითი მომსახურება 10 ატესტირებული პოლიციელით. დაცვის მომსახურების ღირებულება თვეში შეადგენდა პირველი ხელშეკრულებით - 1250 ლარს, ხოლო მეორე ხელშეკრულებით - 1500 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა დაცვის მომსახურების თანხა - 44700 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, მაგრამ ზემოაღნიშნული თანხა დღემდე გადაუხდელია. 2003 წლის 17 იანვრის ურთიერთშედარების აქტით მოპასუხეს აღიარებული აქვს დავალიანება 44700 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 44700 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,ფ...ს” ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 44700 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ფ...მა”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2006 წლის 21 ნოემბერს შპს ,,ფ...ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის ვადის გადავადება ორი კვირით, იმ მოტივით, რომ მიმდინარეობადა მოლაპარაკება ქონების იმჟამინდელ მესაკუთრესთან დალუქული ბუღალტერიის გახსნის მიზნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ფ...ის” წარმომადგენლის - ა. კ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად 2006 წლის 28 დეკემბრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ფ...ის” წარმომადგენელ ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ შპს ,,ფ...ის” მიერ არ იქნა შევსებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი და არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ფ...ის” წარმომადგენელმა ა. კ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტები, რომელთა ფაქტობრიობის შემოწმება მათთვის შეუძლებელია, ვინაიდან 2004 წლის 28 ივლისს იმერეთის სააღსრულებო ბიურომ მათი კუთვნილი ქონება გადასცა სს ,,ი...ს”, მან კი დააყენა თავისი დაცვა, რის გამოც შეუძლებელი გახდა დავის ობიექტურად გადაწყვეტისათვის შესაბამისი დოკუმენტების მონახვა-შემოწმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადავადებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ფ...ის” წარმომადგენელ ა. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოება გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული შპს ,,ფ...ის” სააპელაციო საჩივარი და მხარეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 15 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2006 წლის 21 ნოემბერს შპს ,,ფ...ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ფ...ის” წარმომადგენლის - ა. კ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად 2006 წლის 28 დეკემბრამდე. მითითებული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2006 წლის 15 დეკემბერს (ს.ფ. 60).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2006 წლის 28 დეკემბერს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება შპს ,,ფ...ის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმავე საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,ფ...ს” სასამართლოსთვის არ მიუმართავს ვადის შემდგომი გაგრძელების მოთხოვნით, რის გამოც სასამართლო, საკუთარი ინიციატივით, ვერ იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითზე და საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ, ვალდებული იყო სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის დადგენილი წესების დაცვით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და ვერ იმსჯელებს პირის იმ შუამდგომლობაზე (საუბარია სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე), რომელიც სათანადო წესით წარდგენილი არ ყოფილა ქვედა ინსტანციის სასამართლოში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ფ...ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ფ...ის” წარმომადგენლის ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.