Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1416-1374(კს-08) 26 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ბ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.

2007 წლის 31 მაისს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მიუღებელი 4-ოთახიანი ბინის სანაცვლოდ მოპასუხისათვის 144000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო თ. ბ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო თ. ბ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. საქმის მასალების თანახმად, თ. ბ-ის წარმომადგენელ თ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება ხელზე ჩაჰბარადა 2008 წლის 3 სექტემბერს (ს.ფ. 147), კერძო საჩივარი კი თ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 16 სექტემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2008 წლის 15 სექტემბერს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ემ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს თ. ბ-ის კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.