Facebook Twitter

ბს-152-148(კს-08) 16 აპრილი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ “.....” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ 21.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი/მ “....” მიმართ და გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ მოპასუხის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.04.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გორის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი; გორის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო განეხორციელებინა ი/მ “....” კუთვნილი გორის საგადასახადო ინსპექციის 14.02.07წ. ¹101 ბრძანებით დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.04.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “....”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07წ. განჩინებით ი/მ “....” განჩინების ჩაბარებიდან მიეცა 7 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან აპელანტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით.

ი/მ “....” 15.11.07წ. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება ან გადახდის გადავადება მოითხოვა.

აპელანტმა მიუთითა, რომ საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენდა საგადასახადო ინსპექციის მიერ დაყადაღებული მისი კუთვნილი ქონების რეალიზაცია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 92700 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის თანხა განისაზღვრა 3708 ლარის ოდენობით. ი/მ “...” საწარმო 2006 წლის დეკემბრიდან არ ფუნქციონირებდა, ხოლო მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებული იყო, რის გამოც უმუშევარი იყო და რეალური შემოსავლის წყარო არ გააჩნდა. მისი ოჯახის წევრებიდან კი მეუღლის ე. კ-ის შემოსავალი, რომელიც მუშაობდა პედაგოგად გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 120 ლარი იყო, ხოლო დედის ტ. ლ-ის პენსია 40 ლარი, რის გამოც აპელანტს იმ დროისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 500 ლარზე მეტის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინებით ი/მ “....” სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.05.07წ. განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ი/მ “....” ხარვეზის შევსების მიზნით მიეცა 7 დღე ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. აპელანტს სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა 07.11.07წ., ხოლო განცხადებით (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ) მან სასამართლოს მიმართა 15.11.07წ., ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ი/მ “....” სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (უკანასკნელი ვადა იყო 14.11.07წ.) ვერ შეავსო ხარვეზი და მას არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია სასამართლოსთვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ “....” და აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 31.05.07წ. განჩინება 07.11.07წ. ი/მ “....” არ ჩაბარებია, რაც დასტურდება იმით, რომ სასამართლოს გზავნილის მიღების შესახებ დოკუმენტზე არ არის მისი ხელმოწერა. სასამართლოს გზავნილი მართლაც მივიდა 07.11.07წ. მის ფაქტობრივ მისამართზე ქ. გორი, ...... ქ. ¹16, თუმცა იმ დღეს იგი ქალაქში საერთოდ არ იყო, რის გამოც სასამართლოს განჩინება ჩაიბარეს მისი ოჯახის წევრებმა (როგორც მისთვის ცნობილია მისმა მეუღლემ). იგი იყო ქ. ხაშურში, სადაც აქვს მისი ინდივიდუალური საწარმო (მისამართი ქ. ხაშური, .... ქ. ¹11). ამ მისამართის არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ხაშურში განიხილა მოცემული ადმინისტრაციული დავა და თავდაპირველად საქმის მასალები ამ მისამართზე ეგზავნებოდა. სასამართლო განჩინების ჩაბარების შესახებ ზ. ლ-ეს ტელეფონით შეატყობინა მისმა მეუღლემ და ამ მიზეზით მეორე დღეს ანუ 08.11.07წ. იგი ჩავიდა გორში და სწორედ იმ დღეს გაეცნო სასამართლოს განჩინებას ხარვეზის შესახებ. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობითა და თავად სასამართლოს 31.05.07წ. განჩინებით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ზ. ლ-ეს გააჩნდა 7 დღის ვადა და ეს ვადა აითვლებოდა შესაბამისი განჩინების უშუალოდ მისთვის, როგორც პროცესის მხარისათვის ჩაბარებიდან (გაცნობიდან). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული განჩინების მისი – ი/მ “....” მიერ 07.11.07წ. ჩაბარების ფაქტს.სასამართლოს განჩინებას ხარვეზის შესახებ იგი გაეცნო 08.11.07წ. და ამდენად მის მიერ დაცულია სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის მიცემული 7 დღიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “....” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხარვეზის დადგენის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის რედაქცია ითვალისწინებდა უწყების ჩაბარებას მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის, უწყების მიმღები ვალდებული იყო, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებია ადრესატისათვის. ჩაბარებულად ითვლებოდა როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ლ-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს და მას ტელეფონით შეატყობინეს აღნიშნულის თაობაზე არ ცვლის საქმის შედეგს. საქმეში დაცულია სახალხო ფოსტის შეტყობინების ბარათი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლითაც დასტურდება ი/მ “......” 31.05.07წ. განჩინების 07.11.07წ. ჩაბარება, რაზეც ხელს აწერს პირადად. ამდენად, მოკლებულია საფუძველს ზ. ლ-ის მითითება საფოსტო გზავნილის დასტურზე მისი ხელმოწერის არარსებობის შესახებ. საქმის ვითარებას არ ცვლის კერძო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. ლ-ეს თავდაპირველად სასამართლოს მიერ გზავნილები ხაშურში ეგზავნებოდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 31.05.07წ. ხარვეზის შესახებ განჩინება არა ერთხელ იქნა გაგზავნილი მხარის ორივე მისამართზე (ს.ფ. 78-85) და ბოლოს 02.11.07წ. გზავნილი 07.11.07წ. პირადად ჩაბარდა ზ. ლ-ეს ქ. გორში, ..... ქ. ¹4, ბინა 33-ში მდებარე მისამართზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით (საქმეში დაცული გზავნილების თანახმად აპელანტი 16.05.07წ. განჩინებაში (ს.ფ. 65), სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 66), მითითებულ მისამართზე (ქ. გორი, .... ქ. ¹16) არ ცხოვრობდა (ს.ფ. 77, 85)). ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ზ. ლ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07წ. ხარვეზის შესახებ განჩინების 07.11.07წ. ჩაბარებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.