ბს-166-162(კს-08) 16 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ღ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 15 თებერვალს ლ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993-1994 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გაწვეული იყო და ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-.... საარმიო კორპუსის ....-ე სამედიცინო ასეულ "...." სამხედრო ექიმის თანამდებობაზე და მონაწილეობას ღებულობდა იმ პერიოდში წარმოებულ საომარ ოპერაციებში, რაც დასტურდება საბრძოლო მოკვლევებით. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულების, ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ ასევე დადასტურებულ იქნა, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში მოსარჩელე ლ. ღ-ია ნამდვილად ირიცხებოდა სამედიცინო ასეულ "....." და მონაწილეობას ღებულობდა საომარ ოპერაციებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-..... ეხელმძღვანელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹155 ბრძანებით და აღედგინა ბრძანება მისი ჩარიცხვის შესახებ ....-ე ბრიგადაში, სამედიცინო ასეულ "....".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამასთან, აპელანტი მიუთითებდა, რომ, მას როგორც სამინისტროს წარმომადგენელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე 2007 წლის 25 დეკემბერს ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, საიდანაც უნდა მომხდარიყო გასაჩივრების 14_დღიანი ვადის ათვლა. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები პირდაპირ მიუთითებს, რომ ყველა სასამართლო აქტი უნდა ჩაბარდეს მხარეს, ხოლო თუ საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე წარმომადგენელსაც. თუ მხარემ დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლო აქტი, მაშინ წარმომადგენელს უფლება აქვს, მისთვის ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში გაასაჩივროს აქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ამ აქტის ბოლო ჩაბარების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მისი მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გადაცილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მისამართი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა წარმომადგენლის მისამართს, არ ნიშნავდა იმას, რომ მოპასუხის წარმომადგენელს ჩაჰბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება ცალ-ცალკე უნდა გაეგზავნა როგორც მოპასუხისათვის, ასევე მოპასუხის წარმომადგენლისათვის, რაც სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული დასტურდებოდა თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის ჟურნალითაც, რომლის ადრესატად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სასკ-ის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და მასში არ იგულისხმება იურიდიული პირები, ვინაიდან აღნიშნულ მუხლში არ არის გამიჯნული და პირდაპირ მითითებული, რომ მოცემული მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არა იურიდიულ პირებზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2007 წლის 2 მაისს (ს.ფ. 28). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით, ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 4 მაისს, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით (ს.ფ.30), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 4 იანვარს (ს.ფ.77).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, მხოლოდ საკუთარი განცხადების საფუძველზე 2007 წლის 25 დეკემბერს და შესაბამისად, აქედან უნდა მოხდეს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები პირდაპირ მიუთითებს, რომ ყველა სასამართლო აქტი უნდა ჩაჰბარდეს მხარეს, ხოლო თუ საქმე წარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე წარმომადგენელსაც. თუ მხარემ დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლო აქტი, მაშინ წარმომადგენელს უფლება აქვს, მისთვის ამ აქტით განსაზღვრულ ვადში გაასაჩივროს აქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად დადგენილი წესით დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოდის რა მხარედ, თავის საპროცესო უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით, ვინაიდან იგი, როგორც მხარე, თავად ვერ განახორციელებს აღნიშნულ მოქმედებას. ამასთან, სსსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. Kკონკრეტულ შემთხვევაში, საქმის პირველი ინსტანციით წარმოებისას მითითებული იყო მხოლოდ მოპასუხის მისამართი და მოპასუხის წარმომადგენლის სხვა რაიმე ალტერნატიული მისამართი მითითებული არ ყოფილა. როგორც ზემოთ აღინიშნა საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 4 მაისს, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით (ს.ფ.30), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 4 იანვარს (ს.ფ.77), ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14_დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2007 წლის 2 მაისიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2007 წლის 16 მაისს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მე-2 ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.