Facebook Twitter

ბს-171-167(კს-08) 29 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. მ-ა

მესამე პირი _ ი. ბ-ი

დავის საგანი _ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 6 თებერვალს ე. მ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის პასუხის, 2001 წლის 21 ივნისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმისა და 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 22 იანვრის ¹მ-25 ადმინისტრაციული აქტის, ამავე სამსახურის მიერ 2001 წლის 21 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმა, 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 ადმინისტრაციული აქტი და 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება (იხ. ს.ფ. 34-38; ტ.I).

2004 წლის 2 ივლისს ლ. ვ-მა განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ.2-4; ტ.II).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 62; ტ.II).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 22 იანვრის ¹მ-25 ადმინისტრაციული აქტის, ამავე სამსახურის მიერ 2001 წლის 21 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმა, 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 ადმინისტრაციული აქტი და 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და მათი შედეგები (იხ. ს.ფ. 110-116; ტ.II).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა და მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება რაიონული სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 122-124; ტ.II).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 135-137; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ბ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 145; ტ.II).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 146-149; ტ.II).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისისა და 8 ივლისის განჩინებები (იხ. ს.ფ. 158-163; ტ.II).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე ე. მ-ამ და მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ივლისის, 11 აპრილის განჩინებების, 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 171-174; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე – ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ი. ბ-ი (იხ. ს.ფ. 249-250; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” 2004 წლის 1 ივნისის კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის 15.4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას დაევალა კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციისა და საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.

“სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის საფუძველზე გამოცემული “საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულების მე-2 პუნქტით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს დაევალათ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ ადგილობრივი მამრთველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ეროვნულ საგენტოში არ იძებნება რაიმე აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცა სააგენტოს. ამასთან, მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაცემა თავისთავად არ გულისხმობს უფლება-მოვალეობების გადაცემას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიმღები ორგანოს ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობას.

“სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულების საფუძველზე მიღებულ იქნა ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹09.16.118 დადგენილება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ”, რომლის პირველი პუნქტით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, ხოლო მე-2 პუნქტით ამავე კომისიას დაევალა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სასმახრუში დაცულია ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეიტანოს რაიმე ცვლილება არქივში არსებულ მონაცემებში, არ აქვს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება და ა.შ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მითითებულ სამართლებრივ აქტებში არ არის გადაწყვეტილი ტექაღრიცხვის სამსახურების სამართალმემკვიდრეობის საკითხი. ასევე არაფერია ნათქვამი უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ფუნქციებს დღეისათვის ასრულებენ როგორც სხვადასხვა კერძო ამზომველი კომპანიები, ასევე სახელმწიფო მმართველობისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურები.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, “ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის ¹06.07.65 დადგენილებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების” მე-2 მუხლის თანახმად, სამსახურის მიზანია ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია, საინვენტარიზაციო ნახაზების, ტექნიკური პასპორტების და სანოტარო კანტორაში ცნობა-დახასიათების გაცემა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები კი “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონით, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით” ამომწურავად არის განსაზღვრული და ძირითადად წარმოადგენს უძრავ ნივთებზე უფლებების, ყადაღის და საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციას არ წარმოადგენს ლიკვიდირებული ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამოსილებების შესრულება, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მმართველობით-ფუნქციონალური უფლებამონაცვლეობაც კი გამორიცხულია. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიჩნევა და სასამართლო დავაში მისი მოპასუხის სტატუსით ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს (იხ. ს.ფ. 255-258; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დაადგინა მოპასუხე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ეს უკანასკნელი ჩართო საქმეში საპროცესო უფლებანოცვლედ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” 2004 წლის 1 ივნისის კანონის 15.4 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და დადგინდა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლით განისაზღვრა სააგენტოს ფუნქციები. მითითებული ნორმის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებს წარმოადგენს უძრავ და მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია და ერთიანი რეესტრის ფორმირება, უძრავ ნივთებზე საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა, საჯარო რეესტრის ორგანიზება და წარმოება, საჯარო რეესტრის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის ¹06.07.65 დადგენილებით განსაზღვრული იყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ფუნქციები. მითითებული დადგენილების თანახმად, სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებდა ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოებს, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების აღრიცხვიანობას და შენახვას, ცნობა-დახასიათების გაცემას და სხვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე არსებულ უფლებათა აღრიცხვა-რეგისტრაცია და ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიჩნევის არამართებულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის მიჩნევის სამართლებრივი წინაპირობა, რადგან ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს დარჩენილი ქონება, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი, არქივი, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, შექმნილი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს მსგავსი უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განისაზღვრა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა, პირდაპირ არ უთითებს სამართალმემკვიდრეობაზე, არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის გამომრიცხავ ფაქტორს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის გამომრიცხავ გარემეობას არ წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის რიგ ფუნქციებს დღეისათვის ახორციელებენ სხვადასხვა კერძო კომპანიები და სახელმწიფო მმართველობის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები, რადგან ძირითადი ფუნქციის _ უფლებათა რეგისტრაციის შესრულება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს რა საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე უფლების რეგისტრაციის კანონიერება, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიმართ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლეს საჯარო რეესტრი წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, რაც გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებამდე სწორედ ტექბიუროები ასრულებდნენ საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა და სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ მართებულად დაადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა 50 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.