¹ბს-175-164(კს-07) 10 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს-ე”
'
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონულმა ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სახაზინო საწარმო ,,ს-ის” მიმართ 72 860 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სახაზინო საწრმო ,,ს-ეს” ბიუჯეტის სასარგებლოდ გააჩნდა დავალიანება მიწის გადასახადი 4 600 ლარი, ქონების გადასახადი – 400 ლარი, მოგების – 14053 ლარი, რომელზედაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დაერიცხა საურავი 11973 ლარის ოდენობით. ამავდროულად, მოპასუხეს დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის _ 7026 ლარი საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს გურიის რეგიონალური განყოფილების მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 1 ივლისისათვის წარმოდგენილი ბალანსის მიხედვით, სახაზინო საწარმო ,,ს-ის” საბალანსო ღირებულება შედაგენდა 24 630 ლარს, მაგრამ, ვინაიდან აღარ ფუნქციონირებდა, იგი ვეღარ დაფარავდა ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად დაკისრებოდა 72 860 ლარის გადახდა.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სახაზინო საწარმო ,,ს-ეს” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 7 339 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება 2006 წლის 22 სექტემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა.
ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექდის შესაბამისად, უნდა გასაჩივრებულიყო ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩჰბარდა 2001 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ფოთის საგადასახადო ინსპექციამ კი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 22 სექტემბერს, ანუ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სრულად არ განემარტათ იმ სასამართლოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლებოდა მისი გასაჩივრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში, აპელანტის მიერ კი აღნიშნული ვადაც გაშვებულია.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციისათვის ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა სახაზინო საწარმო. ,,ს-ის” სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის _ გ. თ-ის განცხადებით (2006 წლის 1 ოქტომბრის ¹5632 განცხადება), ხოლო სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანეს 2006 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,გასაჩივრებული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს წერილობითი ფორმით განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა”.
კერძო საჩოვრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო განჩინების გამტანისას დაეყრდნო საზახინო საწარმო ,,ს-ის” დირექტორის მიერ წარმოდგენლ ცნობას და არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გატარებულა და შესაბამისად მისი სათანადო წესით ჩაბარებაც არ მომხადარა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული ინსპექციის სარჩელის გამო წარმოებულ საქმის განხილვაში მონაწილეობას ღებულობდა ლანჩხუთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი რ. ლ-ა და იგი ესწრებოდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას (ს. ფ. 41-45), მასვე განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. ამასთან, საქმეში არსებული ლანჩხუთის რიონული სასამართლოს ადგილობრივი კორესპონდენციის წიგნის ამონაწერიდან (ს. ფ. 77-78) დასტურდება, რომ ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციის უფროსს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2001 წლის 28 დეკემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან”.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად: ,,გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი”, ხოლო ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების დაადგენილების ასლი უნა გადაეცეს მხარეს”,
ამრიგად, ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სავალდებულო წესით ითვალისწინებს სასამართლო აქტის გადაცემას, რომელშიც სრულად იქნება მითითებული გასაჩივრების შესაძლებლობა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისას გამოყენებული ვერ იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმები კერძოდ, კი, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის დარღვევით, ვინაიდან მხარეებს არ განემარტათ იმ სასამართლოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლებოდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის შესაბამისად, მხარეებს ანიჭებს უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ერთი წლის განმავლობაში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია, ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთწლიანი ვადის ათვლა იწყება სასამართლო აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის მომენტიდან, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ლანჩხუთის რაიონულ საგადასახდო ინსპექციას ჩაჰბარდა 2001 წლის 28 დეკემბერს, რაც მას არ გაუსაჩივრებია, ხოლო ფოთის საგადასახადო ინსპექციამ კი ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 22 სექტემბერს, ე. ი. გასაჩივრების ერთწლიანი ვადის დარღვევით, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.