ბს-181-170(კს-07) 9 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ბ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ბ-მ 2005 წლის 16 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების _ სააღსრულებო დეპრტამენტის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოსა და ნოტარიუსთა პალატის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 100000 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 7500 აშშ დოლარის ანაზღაურება (ტ. I, ს.ფ. 1-4).
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე მესამე პირების _ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოსა და ნოტარიუსთა პალატის მიმართ, ასევე უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების აღსრულების დავალება (ტ. I, ს.ფ. 72-73).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 75-76).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ტ. I, ს.ფ. 79-82).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხეებად დადგენილ იქნენ თბილისის სააღსრულებო ბიურო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირად _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “.. ..” (ტ. I, ს.ფ. 211).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სააღსრულებო ბიუროს დაევალა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საჯარო რეესტრის მიერ აღსრულება _ საჯარო რესტრის ჩანაწერებში 2004 წლის 17 სექტემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინების შედეგად შესრულებული ქმედების გაუქმება, ქ. თბილისში ... გამზირის ¹30ა-ში, ამხანაგობა “.. ..”-ს მშენებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველი საცხოვრებელი სართულის მიმართ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი (ტ. I, ს.ფ. 218-224).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ბ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საკასაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ. I, ს.ფ. 231; 255-257).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე თ. ბ-მ, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით მიეცა საპროცესო ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად (ტ. I, ს.ფ. 238-243; 251-252).
2006 წლის 28 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ბ-მ და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე (ტ. I, ს.ფ. 260).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მარტის განჩინებით თ. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა (ტ. I, ს.ფ. 262-263).
2006 წლის 10 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგომა “.. ..-მ,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა (ტ. I, ს.ფ. 274-275).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის მოტივით (ტ. I, ს.ფ. 290-291).
2006 წლის 10 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ბ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფლდა თ. ბ-ს სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროს მიმართ და ამ უკანასკნელს დაეკისრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების აღსრულება _ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2004 წლის 17 სექტემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინების შედეგად შესრულებული ქმედების გაუქმება, ქ. თბილისში ... გამზ. 30ა-ში, ამხანაგობა “.. ..-ს” მშენებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველი საცხოვრებელი სართულის მიმართ (ტ. II, ს.ფ. 2-3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვარის განჩინებით მ. ბ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი (ს.ფ. ტ. II, ს.ფ. 17-18).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ბ-მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება ბათილად ცნობის თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს განხილვაში მონაწილე ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, ასეთს კი საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების შეტანის ვადა არის ერთი თვე, რომელიც მ. ბ-ს, როგორც ამხანაგობა “.. ..-ს” წევრს, გაშვებული აქვს (ტ. II, ს.ფ. 28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება არა ყველა, არამედ სასამართლოს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მსგავსი წესით გასაჩივრების უფლებას კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ანიჭებს.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების გამოტანის საპროცესოსამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის. აღნიშნული ნორმა არ ადგენს ასეთ შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.