ბს-181-177(კს-08) 16 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა შპს “.....” მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “....” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 186 ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ, მას დაევალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.08წ. განჩინებით შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს 09.10.07წ. ჩაბარდა. აღნიშნულს, სასამართლოს აზრით, ადასტურებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლზე დასმულ შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შტამპზე არსებული თარიღი. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 29.10.07წ., კანონით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას გადასცა არა 29.10.07წ., როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ, 23.10.07წ., კანონით დადგენილი ვადის დაცვით. აღნიშნულს, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კანცელარიის გასავლის შტამპზე აღნიშნული თარიღი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.07წ. დასაბუთებული გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს ჩაჰბარდა 09.10.07წ., რასაც ადასტურებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლზე დასმულ შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შტამპზე აღნიშნული თარიღი. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 29.10.07წ. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათმდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამგავარდ, სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით შეტანილად ჩაითვლება, თუ გზავნილი ფოსტას გადაეცემა კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში შეტანასთან დაკავშირებთ, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ფოსტაში სააპელაციო საჩივრის 23.10.07წ. ჩაბარება. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როდის გატარდა სააპელაციო საჩივარი აპელანტის კაცელარიაში, იგი ფოსტას ჩაბარდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს თოთხმეტ დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი მართებულად იქნა სააპელაციო პალატის მიერ განუხილველად დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შსს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.