Facebook Twitter

ბს-187-183(კს-08) 27 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ც. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თელავის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ც. ბ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-3/.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძლობის გამო /იხ.ს.ფ. 53-55/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 60-61/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმებისა და სსსკ-ის 369-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე დაასკვნა, რომ ც. ბ-ს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 23 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 14 დეკემბერს, ანუ მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14-დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 65-67/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა 2007 წლის 29 ნოემბერს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 14 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით, ამდენად სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ./.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ც. ბ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებდან ირკვევა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ც. ბ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 23 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 59/, სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2007 წლის 14 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით /იხ.ს.ფ 62/.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ც. ბ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 29 ნოემბერს, როგორც ამას მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი, თუმცა იმ პირობებშიც, თუ მხარე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ თარიღით ჩაიბარებდა, მის მიერ ამ შემთხვევაშიც გაშვებულია სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რამდენადაც ამგვარ ვითარებაში მხარეს სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უნდა წარედგინა 2008 წლის 13 დეკემბერს, მაშინ, როცა როგორც საქმეში წარმოდგენილი კონვერტით დასტურდება, სააპელაციო საჩივარი ც. ბ-ის მიერ ფოსტას ჩაჰბარდა 2007 წლის 14 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 62/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დადენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ ც. ბ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 23 ნოემბერს, რაც დასტურდება ხელწერილით, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 14 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება _ სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას _ უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ც. ბ-ის მიერ საპროცესო უფლება _ გაასაჩივროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით _ რეალიზებული არ იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ ვადაში წარუდგენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ბ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.