Facebook Twitter

ბს-198-193(კს-08) 4 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – დ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.08წ. განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.06.06წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ. მ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 14000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის დაკისრება (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.06წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო ამ უკანასკნელის 03.11.06წ. განჩინებით, საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონის სასამართლოს (ს.ფ. 31-33; 40-41).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დ. მ.-ს მის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა დაეკისრა (ს.ფ. 68-71).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. მ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გაადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 80-81).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.07წ. განჩინებით დ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. აპელანტს სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა 26.07.07წ., მაშინ როდესაც, ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილება მას 27.03.07წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 87-88).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა (ს.ფ. 90).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.11.07წ. განჩინებით დ. მ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.07წ. განჩინება და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული შეტყობინების დასტური არ შეიცავდა დ. მ.-ის ხელმოწერას ან მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების თარიღზე მითითებას. ამასთან, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისადმი მიმართვის წერილში აღნიშნული გარემოება, რომ დ. მ.-ს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 03.04.07წ., რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.08წ. განჩინებით დ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,...-ს ფოსტის” ...-ის ფილიალის 14.01.08წ. ¹... წერილის თანახმად, დ. მ.-ს რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 27.03.07წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 26.06.07წ., შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა და სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის. დ. მ.-მ განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია 27.03.07წ., როგორც ამას ,,....-ს ფოსტის” ...-ის ფილიალის წარმომადგენელი განმარტავს სასამართლოსათვის გაგზავნილ წერილში, იმავე ფოსტის 12.02.08წ. წერილის თანახმად, 2007 წლის მარტსა და აპრილში ახალციხის სასამართლოდან შეკვეთილი წერილი შეტყობინებით ¹411 დ. მ.-ის სახელზე ფოსტაში არ მიუღიათ, შესაბამისად, მას გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდებოდა 27.03.07წ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ.-ის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 121).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. სსკ-ის 369.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სსკ-ის 369.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. სსკ-ის 73.8 მუხლით განსაზღვრულია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ს. ფ. 73-ზე დაცული ჩაბარების დასტური არ არის ხელმოწერილი ადრესატის მიერ, რის გამო მისი მეშვეობით სადავო გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული იქნა დ. მ.-თვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძოდ, ს.ფ. 108-ზე დაცულია შპს “...-ს ფოსტის” ...-ის ფილიალის 14.01.08წ. ¹... წერილი, რომლის თანახმად, ¹... საფოსტო გზავნილი ...-ის ფოსტამ მიიღო 26.03.07წ., ხოლო ადრესატს ჩაჰბარდა 27 მარტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო გზავნილის ჩაბარებას ადრესატისათვის 27.03.07წ. არ გამორიცხავს შპს “...-ს ფოსტის” ...-ის ფილიალის 12.02.08წ. წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის მარტსა და აპრილში ახალციხის სასამართლოდან შეკვეთილი წერილი შეტყობინებით ¹411 დ. მ.-ის სახელზე საფოსტო განყოფილებაში არ შესულა. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული “საფოსტო წესების” 328-ე პუნქტის თანახმად, შეკვეთილი შეტყობინებები იგზავნება იმავე ნომრებით, რომლითაც საფოსტო გზავნილება შემოვიდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავო გზავნილს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი საფოსტო ნომერი. შპს “... ფოსტის” ...-ის ფილიალის 14.01.08წ. ¹5 წერილის თანახმად, დ. მ.-ის სახელზე დამისამრთებული გზანილის ნომერია ¹762. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.08წ. მიმართვის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილება დ. მ.-ს გაეგზავნა ¹762 გზავნილით. შესაბამისად, დ. მ.-ის სახელზე დამისამართებული გზავნილის ნომერი არ არის ¹411.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.08წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.