ბს-201-196(კს-08) 8 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ტ. ჯ-ი, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 8 დეკემბერს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ტ. ჯ-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე მიეკუთვნებოდა თბილისის 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ოჯახს. აღნიშნულ ოჯახებს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით საცხოვრებელი ბინების თავზე მანსარდის დაშენების უფლება მისცა. მოსარჩელე ცხოვრობდა ბოლო, მეექვსე სართულზე, ამდენად მას მანსარდის მოწყობის უფლება ჰქონდა. მოსარჩელის სადარბაზოში, მეექვსე სართულზე ცხოვრობდა სამი ოჯახი: ა. გ-ა, ი. ჭ-ე და ლ. წ-ი, რომელთაც გააჩნდათ საერთო სარგებლობის აივანი. ი. ჭ-ემ თავისი ბინის თავზე დააშენა მანსარდი, ლ. წ-მა კი თავისი ბინის თავზე მანსარდის მოწყობის უფლება გადასცა გვერდით სადარბაზოს მეექვსე სართულზე მცხოვრებ ტ. ჯ-ს, რომელმაც შპს ,,თ-ან” მოიწვია არქიტექტორი და გააკეთებინა მანსარდის პროექტი.
მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტორმა არ გაითვალისწინა საერთო სარგებლობის აივანზე მოსარჩელის უფლებები და მისი კუთვნილი 8 კვ.მ ფართი მის უკითხავად ჩართო ტ. ჯ-ის მანსარდის პროექტში, რითაც დაირღვა მშენებლობისათვის აუცილებელი ნორმები და მოსარჩელეს ეზოს მხრიდან დაეკეტა სინათლის წყარო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნულის თაობაზე მიმართა არქიტექტორს და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ წერილობით მიმართა საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროსა და ქალაქის მთავარ არქიტექტორს. ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა 2002 წლის 11 ოქტომბერს ¹გ-152 წერილით მიმართა ტ. ჯ-სა და “არქმშენინსპექციას”, რომლითაც სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანამდე მშენებლობის შეჩერება მოითხოვა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ქალაქის მთავარი არქიტექტორისთვის განმეორებით მიმართვის შემდეგ, ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა 2002 წლის 20 ნოემბერს გამოსცა ¹20/758 ბრძანება სადავო სამშენებლო პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ. ხსენებულ ბრძანებას მოჰყვა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002 წლის 4 დეკემბრის ¹74 ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ არც აღნიშნულ ბრძანებას მოჰყოლია შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ტ. ჯ-ისა და მანსარდის დამპროექტებელი არქიტექტორისათვის სადავო სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანა და მისი მთავარ არქიტექტორთან შეთანხმება, ხოლო ტ. ჯ-თვის საკუთარი სახსრებით მანსარდის შესწორებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ტ. ჯ-ს დაევალა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 20 ნოემბრის ¹20/758 ბრძანებისა და 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹გ-152 წერილის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველეყო კანონით დადგენილი წესით, ქ. თბილისში, ...... გამზ. ¹1-ში მდებარე მანსარდის პროექტში ცვლილებების შეტანა და თავისივე ხარჯებით მანსარდის ამ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური ჩაება. იმავე განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის (ყოფილი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ცვლილების შეტანა დაევალა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 5 აპრილის ¹20/92 ბრძანებით დამტკიცებულ პროექტში იმგვარად, რომ ა. გ-ას მიერ მანსარდის მოწყობის შემთხვევაში არ შეიზღუდოს მისი კანონიერი ინტერესი. ამასთან, ტ. ჯ-ს მშენებლობის პროექტში სათანადო ცვლილების შეტანის შემდეგ, თავისი ხარჯებით მანსარდის ამ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. ჯ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ტ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ტ. ჯ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა და 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და ა. გ-ას სარჩელზე მოპასუხეების _ ტ. ჯ-ისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანისა და მისი მთავარ არქიტექტორთან შეთანხმების თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის სამშენებლო პროექტში ცვლილებების განხორციელებისა და მისი ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმების დავალდებულება, ანუ ა. გ-ამ მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტდა სარჩელის დასაშვებობის საკითხს. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თვით ა. გ-ას განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ას ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის სამშენებლო პროექტში ცვლილებების განხორციელებისა და მისი ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმების მოთხოვნით არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლო იღებდა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებაზე ა. გ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ტ. ჯ-ს რაიმე უფლება გააჩნია ქ. თბილისში, ....... გამზ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-6 სადარბაზოს ღია აივნის თავზე არსებულ ფართზე. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება იყო. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრებოდა ბინების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო იმავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი ბინის მესაკუთრეს შეეძლო ესარგებლა საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებში, სადაც საუბარი იყო მანსარდის მოწყობაზე, არსად არ იყო ნახსენები, რომ ტ. ჯ-ს ქ. თბილისში, ...... გამზ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-6 სადარბაზოს ღია აივნის თავზე მშენებლობის უფლება ჰქონდა. ხსენებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო მხოლოდ ბინის თავზე მშენებლობის ნებართვაზე. ქ. თბილისის ,,არქმშენინსპექციის” 2002 წლის 14 აგვისტოს ¹202 მშენებლობის წარმოების ნებართვაშიც მითითებული იყო, რომ მშენებლობა ჯ-ისა და წ-ის ბინების თავზე იყო ნებადართული და არა ღია აივნის თავზე. ამდენად, ღია აივანზე მშენებლობა ტ. ჯ-მა თვითნებურად აწარმოა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რაც კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ........ გამზ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-6 სადარბაზოს ღია აივნის თავზე უკანონოდ წარმოებული მშენებლობა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსაგან ა. გ-ა ითხოვდა მათ მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სასამართლო სხდომებზე არაერთხელ მოითხოვა რომ, ვინაიდან მის მიერ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოეგზავნა კვალიფიციური სპეციალისტი საქმის ადგილზე გასაცნობად და შემდეგ ობიექტური დასკვნის საფუძველზე გამოეცათ შესაბამისი ბრძანება. ამასთან, სასამართლოს თავისი ინიციატივით შეეძლო დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განეხორციელებინა ადგილზე საქმის გაცნობა და ხსენებული დასკვნის სასამართლოსათვის წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არსებული მდგომარეობის შესახებ და მოითხოვა შესაბამისი ბრძანების გამოცემა (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განცხადების მიღების სარეგისტრაციო ბარათი ¹მ-200; 2007 წელის 15 თებერვალი), მაგრამ აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. ა. გ-ას განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არავითარი ახსნა-განმარტება არ მიუცია, რაც უარის თქმად უნდა მიჩნეულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით ა. გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 8 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. გ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: 2003 წლის 8 დეკემბერს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ტ. ჯ-ის მიმართ და სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანა და მისი მთავარ არქიტექტორთან შეთანხმება, ამასთან, ტ. ჯ-თვის საკუთარი სახსრებით მანსარდის შესწორებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური (ამჟამად თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური) ჩაება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. აღნიშნულის შემდეგ, მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით კი ა. გ-ას სარჩელზე მოპასუხეების _ ტ. ჯ-ისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანისა და მისი მთავარ არქიტექტორთან შეთანხმების თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საფუძველი, კერძოდ, ა. გ-ას არ მიუმართავს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის სამშენებლო პროექტში ცვლილებების განხორციელებისა და მისი ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმების მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მსვლელობისას დადგინდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ქმედებით უარს აცხადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ა. გ-ამ სარჩელის აღძვრამდე არაერთხელ მიმართა მოპასუხე ტ. ჯ-ს სადავო პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულის თაობაზე ა. გ-ამ სარჩელის აღძვრამდე მიმართა საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროსა და ქალაქის მთავარ არქიტექტორსაც. ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა კი 2002 წლის 11 ოქტომბერს ¹გ-152 წერილით მიმართა ტ. ჯ-სა და “არქმშენინსპექციას” სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ, ხოლო 2002 წლის 20 ნოემბერს გამოსცა ¹20/758 ბრძანება სადავო სამშენებლო პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ. შემდეგ გამოცემულ იქნა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002 წლის 4 დეკემბრის ¹74 ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ. მართალია, აღნიშნული ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 20 ნოემბრის ¹20/758 და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002 წლის 4 დეკემბრის ¹74 ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაგრამ ხსენებული ადასტურებს ა. გ-ას მიერ ტ. ჯ-ისა და ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან 2007 წლის 15 თებერვალს განცხადებით დამატებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მოცემული დავა სასამართლოში ხუთი წლის მანძილზე მიმდინარეობს, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები თავს არიდებენ სასამართლოს გარეშე აღნიშნული სადავო საკითხის გადაწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. გ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილვლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.