ბს-202-191(კს-07) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ლ. გ.-ე, წარმომადგენელი ზ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. გ.-მ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ერთჯერადი დახმარების სრულად მიღება და ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ნ. შ.-ე 2004 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 18 საათზე სამსახურის ავტომანქანით გაემგზავრა ხულოს რაიონის სოფელ ...-ის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე განლაგებული ... ქარხნების მუშაობის კანონიერების შესამოწმებლად. უკად დაბრუნების დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანება და 2004 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 მაისის ¹2296პ/შ ბრძანებით აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული განყოფილების ...-ის, პოლიციის კაპიტნის ნ. შ.-ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მის ოჯახზე გავრცელდა “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ გააჭიანურა კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა და მხოლოდ 2005 წლის ბოლოს გადაუხადა 6253,2 ლარი, გასაცემი დარჩა 8747 ლარი, ხოლო დაკრძალვის ხარჯები, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, დღემდე არ აუნაზღაურებია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ “პოლიციის შესახებ” კანონში 2005 წლის 20 აპრილს, 11 ნოემბერსა და 23 ნოემბერს შეტანილმა ცვლილებებმა შეცვალა კანონის თავდაპირველი სახე. “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო. ამდენად, დახმარების გაცემის დროისათვის გასაცემი დახმარების თანხა შეადგენდა 15000 ლარს.
მოსარჩელემ როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, ხსენებული დახმარება მოპასუხე ორგანომ გასცა 2005 წლის დეკემბერში, აქედან გამომდინარე მათ ოჯახს ეკუთვნის სხვაობა (15000-6253,2), რაც შეადგენს 8747 ლარს.
გარდა ზემოაღნიშნულისა მოსარჩელემ მოითხოვა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, რამაც შეადგინა 6660 ლარი.
საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 15407 ლარის დაკისრება (ს.ფ. 1-3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ აჭარის ა/რ-ის შენაგან საქმეთა მთავარი სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთი (ს.ფ. 35).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 54-56).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 65-67).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ლ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 24 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ბათუმის ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 11 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 18 დღის შემდეგ, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა (ს.ფ. 71-72).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ.-ის წარმომადგენელმა ზ. გ.-მ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილეს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ხსენებული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს არ განემარტა გასაჩივრების ის წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, აპელანტის მიმართ არ შეიძლებოდა დაუდგინდეს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელება.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც დოკემენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. მოცემულ შემთხვევაში ლ. გ.-ე საქმეს აწარმოებდა მარწმუნებელ ზ. გ.-ის მეშვეობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კი მისთვის გადაწყვეტილების ასლი არ გაუგზავნია. გარდა ამისა, ზ. გ.-ე 2007 წლის 2 იანვრიდან 7 იანვრამდე საშობაო არდადეგებზე იმყოფებოდა ხულოს რაიონის, სოფელ ...-ში, სადაც ავად გახდა (ს.ფ. 76-78).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ.-ის წარმომადგენელ ზ. გ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ. გ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 24 დეკემბერს (ს.ფ. 60). ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა ლ. გ.-ის წარმომადგენელ ზ. გ.-საც საქმეში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 15, 59, 62-63), მაგრამ არასრული და არასწორი მისამართის მიზეზით არ ჩაბარდა (ს.ფ. 62ა-63). სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ლ. გ.-ს ბათუმის ფოსტისთვის ჩაბარებული აქვს 2007 წლის 11 იანვარს (ს.ფ. 68).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 25 დეკემბრიდან და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2007 წლის 7 იანვარს, რომელიც იყო არასამუშაო დღე _ კვირა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2007 წლის 8 იანვარს. შესაბამისად, ამავე დღესვე _ 8 იანვარს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უშვებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გასაჩივრების უფლების შესახებ ეცნობათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით და რომ ამის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების შესახებ მითითებულია: “გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ. ქ. თბილისი, ...-ის ¹7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. ქ. თბილისი, ...-ის ¹1ა).” ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გასაჩივრების უფლება მხარეებს განმარტებული აქვთ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლში აღნიშნული მოთხოვნების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გაგზავნია გასაჩივრებული განჩინების ასლი, რის გამოც გასაჩივრების ვადა გასულად არ უნდა ჩაითვალოს. საქმის მასალებით დასტურდება გასაჩივრებული განჩინების ასლის როგორც მხარის, ისე მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება უკვე იწვევს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. გ.-ს გაშვებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ.-ის წარმომადგენელ ზ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.