Facebook Twitter

ბს-203-198(კს-08) 7 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურისიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (სარჩელზე მოპასუხეები) _ რუსთავის რაიონული სასამართლო; წალკის რაიონული სასამართლო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების – რუსთავის საქალაქო და წალკის რაიონული სასამართლოების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების მიერ საჯარო ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად მიჩნევისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მათი პასუხების გაუქმება და მოპასუხეებისათვის ხსენებული საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. პ-ის სასარჩელო განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ხოლო წალკის რაიონულ სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში _ წალკის რაიონულ სასამართლოს.

წალკის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ი. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხე წალკის რაიონული სასამართლოს მიმართ საჯარო ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად მიჩნევისა და საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დამატებითი მასალების წარდგენის მოთხოვნის თაობაზე წალკის რაიონული სასამართლოს პასუხის გაუქმების შესახებ, გადაეგაზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს საქმის სხვა რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. საქმე დაექვემდებარა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. პ-ის სასარჩელო განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. პ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მის სასარჩელო განცახდებაზე საქმის წარმოების განახლებას.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და ი. პ-ის სარჩელზე განახლდა საქმის წარმოება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე წალკის რაიონული სასამართლოს უფლებამონაცველდ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ჩართვა, იმ მოტივით რომ მისი მოთხოვნა შედგებოდა ორი ნაწილისაგან: 1. წალკის რაიონულმა სასამართლომ განახორციელოს მის მიერ დაპირებული ვალდებულება და გადასცეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უკანასკნელად რეგისტრირებული მისი განცხადების მათთან შესვლის პერიოდისათვის ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლები და 2. წალკის რაიონულმა სასამართლომ განახორციელოს მის მიერ დაპირებული ვალდებულება და გადასცეს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ანგარიში 2003 წლისათვის. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტთა რეგისტრაციას დავის განხილვის პერიოდისათვის ახორციელებდა რაიონული, საქალაქო სასამართლოები, ხოლო დავის მიმდინარეობისას მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრცია დაექვემდებარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საგადასახადო ინსპექციებს, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში, წალკის რაიონულ სასამართლოს უფლებამონაცვლედ ჩაბული უნდა ყოფილიყო რუსთავის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ი. პ-ის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლეობას ზემოხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს, რის გამოც, მისი შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. პ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ როგორც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მისი განცხადების, ისე სასარჩელო განცხადების სასამართლოში შესვლისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის არსებითი განხილვის დროს კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირების მარეგისტრირებელ ორგანოს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე წარმოადგენდა რაიონული (საქალაქო) სასამართლო. შესაბამისად, სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში მოპასუხედ და შემდეგ მოწინააღმდეგე მხარედ სწორად იქნა განსაზღვრული წალკის რაიონული სასამართლო, ანუ დავის წარმოშობის მომენტში მოპასუხე სწორად იქნა დასახელებული, რაც პროცესის არც ერთ სტადიაზე სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხეს და არც სასამართლოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური კანონმდებლობის იმ მიმართებით შეცვლა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირების მარეგისტრირებელი სუბიექტი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ნაცვლად გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო, წარმოადგენდა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს, ვინაიდან სადავო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში სწორედ წალკის რაიონული სასამართლო, როგორც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების მარეგისტრირებელი და სარეგისტრაციო მონაცემების საჯაროობის უზრუნველმყოფი ორგანო, ვალდებული იყო გაეცა ხსენებული საჯარო ინფორმაცია ან პასუხი ეგო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე, ხოლო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ სადავო ურთიერთობიდან მოპასუხის (წალკის რაიონული სასამართლოს) გასვლა მოხდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში იგი აღარ წარმოადგენდა სარეგისტრაციო მონაცემების საჯაროობის უზრუნველმყოფ სუბიექტს, ხოლო უკვე რეგისტრირებული სუბიექტების მასალებზე და რეგისტრაციის უფლებამოსილებით, შესაბამისი კანონის საფუძველზე, აღიჭურვა სხვა სახელმწიფო ორგანო, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების შემთხვევაში, მოპასუხე რაიონული სასამართლო ვეღარ იქნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დადგენილი საპროცესო უფლებამონაცვლეობის შემთხვევები არ იყო ამომწურავი, რის გამოც მოცემული შემთხვევა განხილული უნდა ყოფილიყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის (მოპასუხე) გასვლის სხვა შემთხვევად და ხსენებული საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლე ჩაბმული უნდა ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი. პ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. პ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს წალკის რაიონული სასამართლოსათვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე მისი ბოლო განცხადების სასამართლოში შესვლის პერიოდისათვის “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ყველა იმ დოკუმენტის დამოწმებული ასლების გადაცემა, რომელიც გახდა ხსენებული სუბიექტების სასამართლოებში რეგისტრაციის საფუძველი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისს გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის სხდომაზე ი. პ-მა მიუთითა, რომ, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია დაექვემდებარა საგადასახადო ორგანოებს, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა, რათა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ საქმეში წალკის რაიონული სასამართლოს საპროცესო უფლებამონაცვლედ, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში, ჩაბმულიყო რუსთავის საგადასახადო ინსპექცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ი. პ-ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებდა სასამართლო. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საწარმოს რეგისტრაცია დაექვემდებარა საგადასახადო ორგანოს. შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც და “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონით, ამოღებულ იქნა ხსენებული კოდექსის XLI თავი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ საწარმოს რეგისტრაციას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს მატერიალურ სამართალში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციის უფლება-მოვალეობა გადავიდა საგადასახადო ორგანოზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. ამდენად, ხსენებული მუხლი აწესებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს _ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მატერიალურ სამართალში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის საფუძველზეც საწარმოს რეგისტრაციის მოვალეობა მიენიჭა საგადასახადო ორგანოს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში სწორად იქნა დასახელებული მოპასუხედ და შემდეგ მოწინააღმდეგე მხარედ წალკის რაიონული სასამართლო, ხოლო შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად წარმოიშვა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ი. პ-ი ითხოვდა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენას და არა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა ჩააბას მოცემულ საქმეში “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში წალკის რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) და ამის თაობაზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. პ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული საოქმო განჩინება და ამ საქმის არსებითად განხილვამდე საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება და საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.