Facebook Twitter

¹ბს-204-193(კს-07) 1 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 1 აპრილს შ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცვის პოლკის ........ ჯგუფის მორიგედ, საიდანაც გაათავისუფლეს 2003 წლის 22 აპრილს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 479,54 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული შესაბამისი ცნობებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 479,54 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. შ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-ის წარმომადგენელმა ა. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 24 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით შ. შ-ის წარმომადგენელ ა. ც-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად _ ხსენებული საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ. შ-ი თავის წარმომადგენელ ა. ც-ეს ანიჭებდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას. აღნიშნული განჩინებით შ. შ-ის წარმომადგენელ ა. ც-ეს დასახელებული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. აპელანტს იმავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზის მისთვის მიცემულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

2007 წლის 22 იანვარს შ. შ-ის წარმომადგენელმა ა. ც-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2005 წლის 6 მარტს მასა და მის მარწმუნებელ შ. შ-ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (რომელიც მან დანართის სახით დაურთო განცხადებას), რომლის 3.3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში პირდაპირ იყო მითითებული, რომ ა. ც-ეს უფლება ენიჭებოდა მარწმუნებლის სახელით შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება. ხსენებული ხელშეკრულების დადებას კი საფუძვლად დაედო შ. შ-სა და იურიდიულ ფირმა “ც-ას” შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნულმა იურიდიულმა ფირმამ იკისრა ვალდებულება, შ. შ-თვის გამოეყო წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენდა მას სასამართლოში მოცემულ დავასთან დაკავშირებით და რომელთან დადებული ხელშეკრულებაც იქნებოდა ურთიერთობის მოწესრიგების საფუძველი მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცემოდა ორდერი, რაც გაიცა კიდეც. განმცხადებლის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შესაბამის ორდერში პირდაპირ არ იქნა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, აიხსნებოდა იმით, რომ, ჯერ ერთი, მარწმუნებლის მინდობილობა და შესაბამისად, მისი წარმომადგენლობა განისაზღვრებოდა არა მარტო საქმეში წარმოდგენილი ორდერით, არამედ იმავე ორდერით, მასა და მის მარწმუნებელს შორის დადებული ხელშეკრულებითა და მის მარწმუნებელსა და დასახელებულ იურიდიულ ფირმას შორის დადებული ხელშეკრულებით ერთობლიობაში, ანუ მთლიანობაში ხსენებული სამი დოკუმენტი (ორი ხელშეკრულება და ორდერი) განსაზღვრავდა განმცხადებლის წარმომადგენლობასა და უფლებამოსილებას ამ საქმეზე და, მეორეც, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ზოგჯერ ორდერში სრულად არ იწერებოდა წარმომადგენლობის ფარგლები, რაც ისედაც პირდაპირ იყო შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ორდერისა და შესაბამისი ხელშეკრულების ერთად წარდგენის შემთხვევაში მტკიცდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარმომადგენლის ყველა უფლებამოსილება. ამასთან, განმცხადებელმა, ხსენებულ განცხადებასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თვითონ აპელანტის _ შ. შ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით შ. შ-ის წარმომადგენელ ა. ც-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. შ-ის წარმომადგენელმა ა. ც-ემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და დაურთო მას იურიდიული მომსახურების შესახებ ¹2/05 ხელშეკრულება, რითაც მას ხარვეზი არ შეუვსია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, ხოლო მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ორდერი და იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ადვოკატ ა. ც-ეს არ ანიჭებდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, სპეციალურ აღნიშვნას საჭიროებდა, რის გამოც ამ შემთხვევაში ხარვეზი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო შევსებულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, შ. შ-ის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი ა. ც-ე, რომელსაც მისი ინტერესების დაცვა მინდობილი აქვს შესაბამისი ორდერისა და ხელშეკრულების საფუძველზე და ა. ც-ეს გააჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაფორმებულ მინდობილობაში, რისი გათვალისწინებითაც გაიცა ორდერი, რომლის თანახმადაც, მის უფლებებს იცავდა მისი წარმომადგენელი ა. ც-ე, ამასთან, გასარკვევია, თუ რა იგულისხმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლში ნახსენებ მინდობილობაში და იგი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც მხოლოდ ნოტარიუსის ან ორგანიზაციის მიერ დამოწმებული საბუთი, თუ ყველა ის დოკუმენტიც, რომელიც დაადასტურებს მარწმუნებლის ნებას მისი უფლებამოსილების სხვისთვის მინიჭების შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული ასეა, მაშინ რატომ უნდა იქნეს განხილული მინდობილობად მხოლოდ ორდერი, ერთად აღებული ორდერი და ხელშეკრულება კი არა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას უფლება აქვს ხელშეკრულება დადოს წარმომადგენელთან და ხსენებულ ხელშეკრულებაში ასახოს ყველა ის უფლებამოსილება, რასაც თავის წარმომადგენელს გადასცემს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, რის თაობაზეც დაიდო კიდეც ხელშეკრულება, რომელშიც ნათლად აისახა ყოველივე აღნიშნული. ამის შემდეგ ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ორდერი, რომლის თანახმადაც, წარმომადგენელს უფლება ეძლეოდა წარმოედგინა თავისი მარწმუნებელი, როგორც სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში, ისე ყველა ინსტანციის სასამართლოში, ამასთან, რადგან ხელშეკრულებაში წარმომადგენლის ყველა უფლებამოსილება ნათლად იყო აღნიშნული, საჭიროდ აღარ იქნა მიჩნეული იგივეს განმეორება ორდერშიც, რადგან იგი გაცემული იყო არა დამოუკიდებლად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხსენებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, ანუ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორსა და მის მარწმუნებელს შორის დადებულ იქნა დავალების ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების რეალიზებისა და სისრულეში მოყვანის მიზნით, გაიცა შესაბამისი ორდერი, ამიტომ შეუძლებელია ხსენებული ორი დოკუმენტი ჩაითვალოს ორ სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავ დოკუმენტად.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილში კი მითითებულია, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისთვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, მაგრამ არც ხსენებულ მუხლში და არც სხვაგან არსად არ არის მითითებული, რომ მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახის დოკუმენტი და რადგან მინდობილობა უნდა იყოს კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული და აღიარებულია, რომ შესაძლებელია მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების დადება და ამ ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, ორდერის გაცემა, მაშინ გასარკვევია, რატომ უნდა იქნეს მინდობილობად აღიარებული მხოლოდ ორდერი და არა ხელშეკრულებაც მასთან ერთად.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ ზემოხსენებულ განცხადებას დაერთო მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, როგორც ხარვეზის შევსების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში მასზე არაფერი არ არის ნათქვამი, მაშინ, როდესაც იგი მიღებული უნდა ყოფილიყო, როგორც ხარვეზის შევსების ერთ-ერთი სახე, რადგან სააპელაციო სასამართლოს სურდა, აპელანტს დაეზუსტებინა თავისი უფლებამოსილება სააპელაციო საჩივრის შეტანაზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა თვით მარწმუნებელმა, რომელსაც არანაირად არ სჭირდებოდა უფლებამოსილების შემოწმება-დაზუსტება.

შ. შ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით შ. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 2 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შ. შ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი, ხოლო თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, ასევე _ იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, ხოლო მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა, ხოლო წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია იურიდიული ფირმა “ც-ის” მიერ ადვოკატ ა. ც-ის სახელზე 2005 წლის 25 ივლისს გაცემული ¹11/05 ორდერი შ. შ-ის ინტერესების დაცვის თაობაზე (ს.ფ. 18) და იურიდიული მომსახურების შესახებ 2005 წლის 6 მარტის ¹2/05 ხელშეკრულება შ. შ-სა და ა. ც-ეს შორის (ს.ფ. 44-45), რომელშიც მითითებულია, რომ ა. ც-ე უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ხსენებული ხელშეკრულება არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, ანუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ იმპერატიულ, ფორმალურ მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისას შ. შ-ის წარმომადგენელ ა. ც-ეს არ გააჩნდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომელშიც სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესახებ, მაგრამ მან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში, ფაქტობრივად, შეავსო იმავე განჩინებით დადგენილი ხარვეზი _ 2007 წლის 22 იანვარს (ს.ფ. 52) სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებასთან (ს.ფ. 42-43) ერთად, წარუდგინა თვითონ მისი მარწმუნებლის _ შ. შ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ორ ეგზემპლარად (ს.ფ. 46-51).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობა ანუ მოწონება გარიგების დადების შემდეგ მიცემულ ნებართვას წარმოადგენს, რომლითაც სწორდება გარიგების სამართლებრივი ნაკლი, ხოლო გარიგების შემდგომ მოწონებას აქვს უკუძალა და მოწონებული გარიგება ნამდვილად ითვლება იმავე გარიგების დადების და არა მოწონების მომენტიდან, რაც გულისხმობს, რომ გარიგების მონაწილეთა უფლება-მოვალეობები წარმოშობილად, ამავე უფლება-მოვალეობების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები კი ნამდვილად ითვლება გარიგების დადების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, შ. შ-სა და ა. ც-ეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ კანონის შესაბამისად გაფორმებული, გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა, გაცემული ა. ც-ის სახელზე, ანუ შ. შ-ს, იურიდიულად, არ გამოუსწორებია კონკრეტული გარიგების სამართლებრივი ნაკლი, მაგრამ მან, როგორც მარწმუნებელმა, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის თავისი ხელმოწერით წარდგენით, ფაქტობრივად, მოიწონა მისი წარმომადგენლის, ა. ც-ის მიერ განხორციელებული შესაბამისი მოქმედება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება. შესაბამისად, შ. შ-მა ა. ც-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილობა ჩაანაცვლა თავისი სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენით, რის გამოც შ. შ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, იურიდიულად, ჩაითვლება კანონით დადგენილ ვადაში შეტანილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. შ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე შ. შ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება და მოცემული საქმე შ. შ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.