ბს-205-200(კს-08) 1 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რუსთავის საქალაქო სასამართლო
დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 19 აპრილს ი. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ რუსთავის საქალაქო და წალკის რაიონული სასამართლოების მიმართ და მოპასუხეების მიერ საჯარო ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად მიჩნევისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მათი პასუხების გაუქმება და მოპასუხეებისათვის ხსენებული საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. პ-ის სასარჩელო განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ხოლო წალკის რაიონული სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში _ წალკის რაიონულ სასამართლოს.
2004 წლის 6 ივლისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე მისი ბოლო განცხადების სასამართლოში შესვლის პერიოდისათვის რეგისტრირებული ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა შესახებ არსებული იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლების გადაცემა, რაც იმავე სასამართლოში აღნიშნული იურიდიული პირების რეგისტრაციის წინაპირობა გახდა, ასევე მოპასუხისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2003 წლის 10 დეკემბრის ანგარიშის დამოწმებული ასლის გადაცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინება ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 აპრილის განჩინებით ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით ი. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლისა და 2 აპრილის განჩინებები და სააპელაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, კვლავ განუხილველი დარჩა.
ზემოაღნიშნული განჩინება ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაბრუნება და სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ი. პ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. პ-მა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომლის მიმართ მისი მოთხოვნა შედგებოდა ორი ნაწილისაგან, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსარჩელისათვის გადაეცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე მისი ბოლო განცხადების სასამართლოში შესვლის პერიოდისათვის, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლები და საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში 2003 წლისათვის. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია დაექვემდებარა საგადასახადო ორგანოებს, მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ საქმეში რუსთავის საქალაქო სასამართლოს საპროცესო უფლებამონაცვლედ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ჩაბმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ი. პ-ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებდა ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელი იყო პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლეობას ზემოხსენებული ნორმა არ ითვალისწინებდა, რის გამოც მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებაზე ი. პ-მა კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და სათანადო საპროცესო უფლებამონაცვლის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის) ჩაბმის აუცილებლობის თაობაზე მითითებით მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ, როგორც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მისი განცხადების, ისე სასარჩელო განცხადების სასამართლოში შესვლისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის არსებითი განხილვის დროს კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირების მარეგისტრირებელ ორგანოს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე წარმოადგენდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. შესაბამისად სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში მოპასუხედ და შემდეგ მოწინააღმდეგე მხარედ სწორად იქნა განსაზღვრული რუსთავის საქალაქო სასამართლო, ანუ დავის წარმოშობის მომენტში მოპასუხე სწორად იქნა დასახელებული, რაც პროცესის არც ერთ სტადიაზე სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხეს და არც სასამართლოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური კანონმდებლობის იმ მიმართებით შეცვლა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირების მარეგისტრირებელი სუბიექტი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ნაცვლად გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო, წარმოადგენდა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს, ვინაიდან სადავო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლო, როგორც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების მარეგისტრირებელი და სარეგისტრაციო მონაცემების საჯაროობის უზრუნველმყოფი ორგანო, ვალდებული იყო გაეცა ხსენებული საჯარო ინფორმაცია ან პასუხი ეგო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე, ხოლო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ სადავო ურთიერთობიდან მოპასუხის (რუსთავის საქალაქო სასამართლოს) გასვლა მოხდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში იგი აღარ წარმოადგენდა სარეგისტრაციო მონაცემების საჯაროობის უზრუნველმყოფ სუბიექტს, ხოლო უკვე რეგისტრირებული სუბიექტების მასალებზე და რეგისტრაციის უფლებამოსილებით შესაბამისი კანონის საფუძველზე აღიჭურვა სხვა სახელმწიფო ორგანო, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლო ვეღარ შეძლებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, მისი ამ უფლებამოსილების სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემის გამო. შესაბამისად, სარეგისტრაციო მონაცემების საჯაროობის მტკიცების ტვირთმა კანონის საფუძველზე გადაინაცვლა სხვა სახელმწიფო ორგანოზე.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის შემთხვევები არ არის ამომწურავი ჩამონათვალის სახით განსაზღვრული, მოცემული შემთხვევა განხილული უნდა ყოფილიყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის (მოპასუხე) გასვლის სხვა შემთხვევად და ხსენებული საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლე ჩაბმული უნდა ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიიდან. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ნათქვამი უარი შუამდგომლობაზე არ იქნა დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საოქმო განჩინებაში დაუსაბუთებლად არის აღნიშნული, რომ მითითებული საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლეობას ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინება არ ათავისუფლებდა სასამართლოს მისი დასაბუთების მოვალეობისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინებაში აღინიშნება მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, გასაჩივრებულ განჩინებაში კი არ არის მითითებული მოტივები, რომლებითაც სააპელაციო სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი და ამდენად, გასაჩივრებული საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით ი. პ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 1 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი. პ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. პ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე მისი ბოლო განცხადების სასამართლოში შესვლის პერიოდისათვის “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლებისა და საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2003 წლის ანგარიშის ი. პ-თვის გადაცემის დავალება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ხსენებული საქმის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის სხდომაზე ი. პ-მა მიუთითა, რომ, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია დაექვემდებარა საგადასახადო ორგანოებს, მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ საქმეში რუსთავის საქალაქო სასამართლოს საპროცესო უფლებამონაცვლედ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ჩაბმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ი. პ-ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებდა სასამართლო. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საწარმოს რეგისტრაცია დაექვემდებარა საგადასახადო ორგანოს. შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც და “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონით ამოღებულ იქნა ხსენებული კოდექსის XLI თავი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ საწარმოს რეგისტრაციას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს მატერიალურ სამართალში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციის უფლება-მოვალეობა გადავიდა საგადასახადო ორგანოზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. ამდენად, ხსენებული მუხლი აწესებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს _ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მატერიალურ სამართალში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის საფუძველზეც საწარმოს რეგისტრაციის მოვალეობა მიენიჭა საგადასახადო ორგანოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში სწორად იქნა დასახელებული მოპასუხედ და შემდეგ მოწინააღმდეგე მხარედ რუსთავის საქალაქო სასამართლო, ხოლო შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად წარმოიშვა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ი. პ-ი ითხოვდა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენას და არა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა ჩააბას მოცემულ საქმეში “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო მასალების სრულყოფილი ასლების მოთხოვნის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) და ამის თაობაზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. პ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული საოქმო განჩინება და ამ საქმის არსებითად განხილვამდე საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება და საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.