¹ბს-207-196(კს-07) 26 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 29 მარტს შპს ,,.....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რეგიონალური საბაჟო ,,....” მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დავალებოდა შპს ,,....” სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, საბანკო გარანტიის დატოვებით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,....” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; რეგიონალურ საბაჟო ,,.....” დაევალა შპს ,,.....” სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა საბანკო გარანტიის დატოვებით, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 26 მარტის ¹97 ბრძანებით გაცემულ იქნა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა ¹000088.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,....”.
Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,.....” სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,......”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები. ამავე კოდექსის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამგვარად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები, რომელთა შესაბამისადაც, სარჩელი განუხილველად რჩება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომელთაც დადგენილი წესით გაეგზავნათ შეტყობინებები, მხოლოდ ამ შემთხვევაში უკავშირებს კანონი 275-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომას, მაშინ ამ შემთხვევასთან დაკავშირებული შედეგი (სსსკ-ის 275-ე მუხლი) არ შეიძლება დადგეს.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მითითებული ნორმა ავალებს სასამართლოს გამოიკვლიოს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და რითიც კვლავ დაარღვია ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
Yყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,.....” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საპროცესო კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
იმავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 275-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, ზღუდავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი დაფუძნებულია ამავე კოდექსის 231-ე მუხლის დებულებებზე და ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლი არ გამიყენება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაბამისად, ამავე პროცესში არ გამოიყენება აღნიშნული კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა წარმოადგენს დამატებით დასტურს იმისა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ” პუნქტის გამოყენება, კერძოდ, ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილში. უფრო მეტიც, იმავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია იმოქმედოს აქტიური სასამართლოს პრინციპით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რის გამოც აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ პროცესში ვერ გამოიყენება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული, ამკრძალავი ნორმის დაუცველობა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,.....” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,.....” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.