Facebook Twitter

¹ბს-209-198(კს-07) 28 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. წ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 სექტემბერს მ. წ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 14 თვის ძველი სახელფასო დავალიანების _ 1704,99 ლარისა და 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე 5 თვის მუშაობის პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1994 წლის 14 იანვრიდან 2005 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. რ.-ის სახელობის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის ...-ის განყოფილების უფროსად. მიღებული აქვს არაერთი მადლობა და საპატიო სიგელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა განყოფილების კოლექტივი, აითვისეს თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევის მეთოდიკა. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი. 2002 წლის აპრილში მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. 2004 წლის 29 ივნისს შეუსრულდა ზღვრული ასაკი _ 50 წელი, რაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იყო. მიუხედავად ამისა, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი უფროსი აწარმოებდა მიმოწერას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო სამმართველოს უფროსთან, რათა ...-ის განყოფილების უფროსის თანამდებობა, როგორც სამხედრო საშტატო ერთეული, გარდაქმნილიყო სამოქალაქო შტატად და მოსარჩელისათვის სამსახურის ვადა გაეგრძელებინათ 5 წლით. აღნიშნული მიმოწერა ჰოსპიტალის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდებოდა, რითაც მ. წ.-ს მიეცა ამ ხნის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა. 2005 წლის მარტში მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან, დათხოვნა მოხდა ისე, რომ მის მიერ ნამუშევარი 5 თვე, ისევე როგორც ძველი სახელფასო დავალიანება, არ აუნაზღაურებიათ (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. წ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 657,36 ლარის ოდენობით, ხოლო კვების კომპენსაციის, კვარტალური ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, როგორც სახელფასო დავალიანების შემადგენელი მოთხოვნის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 53-56).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ.-მ, რომელმაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 62-63).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს _ მ. წ.-ს, გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 8 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2007 წლის 25 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (ს.ფ. 66-67).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. წ.-მ, რომლმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. წ.-ის წარმომადგენელმა ტ. ა.-მ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით, რასაც ადასტურებს ჩაბარების ხელწერილი. სასამართლომ არ იმსჯელა მოცემული საკითხის ირგვლივ, რითაც შეილახა მხარის უფლება დ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე, 94-ე, 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები (ს.ფ. 72-73).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება, მ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. წ.-ის წარმომადგენელ ტ. ა.-ს ჩაბარდა 2007 წლის 11 იანვარს (ს.ფ. 60). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მ. წ.-ისა და მისი წარმომადგენელ ტ. ა.-ს მიერ შეტანილ იქნა 2007 წლის 25 იანვარს (ს.ფ. 62).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარების ვალდებულება არ არის მხოლოდ ფორმალური ინფორმაციული ვალდებულება, არამედ მას უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, თუკი მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით და მის მიერ სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მისთვის ჩაბარებიდან ვადაში, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 369.1 მუხლის შემავსებელ ნორმას წარმომადგენლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეტანილ საჩივართან მიმართებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. წ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. მ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განსხვავებული აზრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებაზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა მ. წ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მ. წ.-ს გაშვებული არ ჰქონდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო მ. წ.-ის წარმომადგენლისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიან ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად მ. წ.-სათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან მითითებული 14-დღიანი ვადა გასული იყო.

საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინების გამოტანისას ვსარგებლობ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და ვრჩები განსხვავებულ აზრზე.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი, თუ როდიდან იწყება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების ვადის დინება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით (წარმომადგენელი გასაჩივრების უფლებამოსილებით) და მხარესა და მის წარმომადგენელს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს ჩაჰბარდათ.

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი, რომელიც სასამართლოს ყველა დოკუმენტის როგორც მხარის, ისე წარმომადგენლისათვის სავალდებულო გადაცემას ითვალისწინებს, არ აწესრიგებს გასაჩივრების ვადის დინების დაწყებას. ამ საკითხზე მოწესრიგებას შეიცავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების წესი და ვადა. იმასთან დაკავშირებით კი, თუ ვინ იგულისხმება პროცესის მონაწილე პირში, როდესაც მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით და კერძოდ, ვისთვის გადაცემიდან იწყება გასაჩივრების ვადის დენა, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, კერძოდ 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და 70-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ნორმების თანახმად, თუკი მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ერთ-ერთი მათგანისათვის _ მხარის ან წარმომადგენლისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარება უკვე იწვევს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას.

საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების ვადები აღმკვეთი ხასიათით, განსაკუთრებით მკაცრი რეგულირებით ხასიათდება და შესაბამისად, მკაცრად განსაზღვრულია მათი გამოთვლის წესიც. აღნიშნული განპირობებულია ამ ვადების საპროცესო დანიშნულებით (მათი გაშვება უკავშირდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას), ამიტომ დაუშვებელია ამ ვადების დაწყების გადავადება, ისევე როგორც გაგრძელება ან აღდგენა. ამის გამო აღნიშნული ვადების სწორად გამოთვლისათვის მათი ათვლის დაწყების თარიღის ზუსტად განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყება არ დაუკავშირდება ერთ-ერთისათვის _ მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას, ფაქტობრივად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ საპროცესო ვადის დაწყების გადავადებას იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ მათგანს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, ხოლო მეორეს ჯერ არ ჩაბარებია. თავის მხრივ, ეს ეწინააღმდეგება აღმკვეთი საპროცესო ვადის არსს, რამდენადაც აღნიშნული ვადის თავისუბურება არის სწორედ ის, რომ მისი დროში დინება შეუჩერებელია და იგი ამოწურავს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, მხარე და მისი წარმომადგენელი ერთი პროცესუალური მხარეა, რის გამოც მათ მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი უნდა იყოს მოქცეული ერთიან სამართლებრივ რეჟიმში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირდებოდა მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების დროში განსაზღვრა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზუსტი დროის დადგენა.

ლალი ლაზარაშვილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატის მოსამართლე