Facebook Twitter

¹ბს-210-199(კს-07) 7 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 24 ოქტომბერს შპს ,,უ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 17 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,უ-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 17 სექტემბრის აქტი, რომლითაც შპს ,,უ-ს” დაერიცხა 22 459,21 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.

Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით საქმეში ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული მუხლი და გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები, მაშინაც კი, როცა ის ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლებს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები, ანუ კანონმდებელი ნებისმიერ შემთხვევაში პირდაპირ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, კერძოდ, ორივე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას სასამართლო განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვებას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მხარეთა დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

Yყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საპროცესო კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

იმავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 275-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, ზღუდავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი დაფუძნებულია ამავე კოდექსის 231-ე მუხლის დებულებებზე და ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლი არ გამიყენება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაბამისად, ამავე პროცესში არ გამოიყენება აღნიშნული კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა წარმოადგენს დამატებით დასტურს იმისა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ” პუნქტის გამოყენება, კერძოდ, ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილში. უფრო მეტიც, იმავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია, იმოქმედოს აქტიური სასამართლოს პრინციპით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რის გამოც აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ პროცესში ვერ გამოიყენება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული, ამკრძალავი ნორმის დაუცველობა, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.