Facebook Twitter

¹ბს-227-215(კს-07) 22 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “.. ..ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “.. ..მა” 2006 წლის 2 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ...ის საბითუმო ბაზრისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ...ის საბითუმო ბაზრის მიერ 110000 ლარის მოსარჩელის ან ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისათვის გადარიცხვა, მიყენებული ზარალის _ 1200000 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისათვის მომხმარებელთან ელექტროენერგიის რეალიზაციის შესახებ ნებართვის გაცემის დავალება (ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა სარჩელის ხარვეზის შევსება, კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დავის საგნის ფასის განსაზღვარა და სახელმწიფო ბაჟის _ სადავო თანხის 3%-ის ოდენობით გადახდა. მითითებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარეს მიეცა ხუთდღიანი საპროცესო ვადა (ს.ფ. 1).

2006 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელმაც მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი განაცხადა და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ შპს “.. ..ი” მოპასუხეთა ქმედების გამო 6 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა (ს.ფ. 57).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს “.. ..ს” სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი და სარჩელი თანდართული მასალებით უკან დაუბრუნდა (ს.ფ. 59).

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “.. ..მა,” რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო (ს.ფ. 60).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს “.. ..ს” მიეცა 10 დღის ვადა კერძო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ: სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ იყო წარდგენილი სათანადო რაოდენობის ასლების თანდართვით, მას ხელს აწერდა ა. ა-ი, რომლის საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილი არ იყო და არც საქმეში მოიპოვებოდა, ასევე კერძო საჩივარზე გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 67-68).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს “.. ..ის” კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის სრულად შეუვსებლობის მოტივით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “.. ..ის” მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ მას არ წარმოუდგენია ა. ა-ის კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი და კერძო საჩივრის ასლები. (ს.ფ. 77-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “.. ..მა,” რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ განჩინებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 92).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ის” კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება არა ყველა, არამედ სასამართლოს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მსგავსი წესით გასაჩივრების უფლებას კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ანიჭებს.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე თავით (“კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი”) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებიც სპეციალურ ნორმებს წარმოადგენს კერძო საჩივართან მიმართებაში, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინება, როგორც კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული, კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..ის” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.