¹ბს-242-229(კს-07) 1 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. შ-ი
წარმომადგენელი _ გ. მ-ა
თანამოსარჩელე სარჩელში _ ელ. გ-ა (ემ. G-ას უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სს “გ-ი”
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998 წლის 18 ივნისს მოსარჩელე ემ. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების _ სს ,,გ-ის" ჩუღურეთის ¹3/2 ფილიალისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
პირველი მოპასუხე სს ,,გ-ის" ჩუღურეთის რაიონის ¹3/2 ფილიალის მიმართ მოსარჩელემ მოითხოვა თავის და მისი ოჯახის წევრთა სახელზე შეტანილ ანაბრებზე რიცხული 184837 საბჭოთა მანეთის ანაზღაურება დაურიცხავი პროცენტისა და ინდექსაციის გათვალისწინებით, რაც, მოსარჩელის განმარტებით, საერთო ჯამში შეადგენდა 560000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მოსარჩელემ მეორე მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისაგან მოითხოვა ,,მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების დანართებითურთ ბათილად ცნობა.
ე. გ-გან დამოუკიდებლად, 1999 წლის 1 ივლისს მოსარჩელე რ. შ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,გ-ის" საბურთალოს ¹7 ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მისივე გარდაცვლილი მეუღლე მ. ც-ის მიერ შემნახველი სალაროს წიგნაკზე შეტანილი 226029 მანეთის შესაბამისი 365000 აშშ დოლარის იძულებითი წესით დაბრუნება.
ორივე საქმე დამოუკიდებლად რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ე. გ-ასა და რ. შ-ის საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად, ხოლო იმავე პალატის 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 21 მარტის განჩინებით რ. შ-ისა და ე. გ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მაისის და 20 ივლისის გადაწყვეტილებები და გაერთიანებული საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა და საექსპერტო დაწესებულებიდან დასკვნის მიღებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2004 წლის 27 მაისის დასკვნით რ. შ-ის სახელზე სს ,,გ-ის" ¹7 ფილიალში გახსნილ საანაბრო ანგარიშებზე ნაშთის სახით, ინდექსაციის გათვალისწინებით, 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უნდა რიცხულიყო 1553719 ლარი (736361 აშშ დოლარი), ხოლო ემ. გ-ას სახელზე სს ,,გ-ის" ფოთის, გარდაბნის, თბილისის დიდუბისა და მთაწმინდის ფილიალების საბანკო ანგარიშებზე 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით _ 60226 ლარი (28543 აშშ დოლარი).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით განახლდა შეჩერებული საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 აგვისტოს საოქმო განჩინებით გარდაცვლილი ემ. გ-ას უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში ჩაება მისი შვილი ელ. გ-ა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა რ. შ-მა და ელ. გ-ამ მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,გ-ის" მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 383-ე, 389-ე მუხლებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2004 წლის 25 მაისის დასკვნის შესაბამისად, მათ სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,გ-თვის" სოლიდარულად 1613945 ლარის, კერძოდ, რ. შ-ის სასარგებლოდ _ 1553719 ლარის, ხოლო ე. გ-ას სასარგებლოდ _ 60226 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,გ-ს" რ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 ლარი და 0,5 თეთრი, ხოლო ელ. გ-ას სასარგებლოდ _ 0,23 ლარი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. შ-მა და ელ. გ-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩინებით რ. შ-ისა და ელ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ დაფარვის მექანიზმის შესახებ სამართლებრივი აქტი არ იყო გამოცემული, აღნიშნული გარემოება იყო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე რ. შ-ისა და ელ. გ-ას სარჩელის გამო გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა; საქართველოს პრეზიდენტი ცნობილ იქნა არასათანადო მხარედ და სათანადო მხარედ ჩანაცვლებულ იქნა, შესაბამისად, სს “გ-ითა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. შ-ისა და ელ. გ-ას სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “გ-ის” მიმართ საანაბრე ანგარიშებზე რიცხული ნაშთის ინდექსაციის შედეგად მიღებული თანხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “გ-თვის” სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ისა და ელ. გ-ას წარმომადგენელმა გ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მიუთითა შემდეგზე: დავის საგანი შეეხებოდა ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალს. ამ მუხლით დადგინდა, რომ უნდა შემუშავებულიყო სავალო ვალდებულებების დაფარვის მექანიზმები და წესები, ანუ კანონის შესაბამისად ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო სხვა სამართლებრივი აქტების გამოცემა. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილება, რომლის თანახმად, “სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კომისია შეიმუშავებდა ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენდა მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელი იქნებოდა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვაში იგულისხმებოდა, როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ასევე ადმინისტრაციული წარმოებაც, რასაც ადასტურებდა იმავე კოდექსის 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდებოდა 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, ზემოაღნიშნული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერება ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებით (ანუ სადავო საკითხზე), საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; რ. შ-ისა და ელ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს სახელმწიფო კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავებამდე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო კომერციულ ბანკში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოშობილი დავალიანება, ხოლო ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილების მიხედვით, კომისიის საქმიანობის მიზანი იყო ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვისა და გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იყო სარჩელის საგანთან დაკავშირებული, ზემოთ დასახელებული გარემოებების თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავებამდე, რის გამოც რ. შ-ისა და ელ. გ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვა უნდა შეჩერებულიყო ზემოხსენებული სამთავრობო კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. შ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილების მიხედვით, კომისიის საქმიანობის მიზანია ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვისა და გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მოცემული საქმის განხილვა მითითებული რეკომენდაციების შემუშავებამდე, რაც უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტში არ არის აღნიშნული, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა რეკომენდაციების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე და უფრო მეტიც, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და არა რომელიმე კომისიის შექმნას. ამ შემთხვევაში კომისია შექმნილია იმ მიზნით, რომ შეიმუშავოს რეკომენდაციები შემდგომში ნორმატიული აქტის გამოსაცემად და არა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. გაუგებარია, თუ რა გავლენას იქონიებს ხსენებული კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში განსახილველ ამ საქმეზე, რადგან აღნიშნული კომისიის რეკომენდაციები არათუ სასამართლოსთვის, არამედ მთავრობისთვისაც არ იქნება სავალდებულო ძალის მქონე. ამდენად, შექმნილი სამთავრობო კომისია კანონში მითითებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას არ აწარმოებს და მუშაობს ნორმატიული აქტის მისაღებ რეკომენდაციებზე.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი.
რ. შ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით რ. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 2 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. შ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რ. შ-ისა და ელ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს სახელმწიფო კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილების თანახმად, “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია და ხსენებული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის ¹87 დადგენილებით აღნიშნული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბრამდე, “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹232 დადგენილებით კი, ხსენებული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერებას იმ მოტივით, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელია სარჩელის საგანთან დაკავშირებული, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავებამდე, რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში ზემოხსენებული სახელმწიფო კომისია შექმნილია იმ მიზნით, რომ შეიმუშავოს რეკომენდაციები შემდგომში ნორმატიული აქტის გამოსაცემად და არა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის მიზანი _ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვა, გადაჭრა და რეკომენდაციების შემუშავება. იმავე დადგენილებით დამტკიცებული დასახელებული კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში კი უფრო დაკონკრეტებულია აღნიშნული კომისიის ამოცანები და ფუნქციები, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, კომისია შეიმუშავებს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს \და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ის შემთხვევები, როდესაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. ხსენებული მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი შეიცავს კონკრეტული ხასიათის მავალდებულებელ ნორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის რეალიზებისათვის საჭიროა იმ კონკრეტული საქმის არსებობა, რომლის გადაწყვეტასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმის განხილვისათვის, რაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მოტივით საქმის წარმოების შეჩერების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ საქმეზე, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელი იქნებოდა ამ საქმის გახილვამდე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული რეკომენდაციები კი არ წარმოადგენს კონკრეტულ საქმეს და შესაბამისად, შეუძლებელია დაექვემდებაროს გადაწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. შ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, რ. შ-ისა და ელ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება და მოცემული საქმე აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რ. შ-ისა და ელ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება და მოცემული საქმე აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.