Facebook Twitter

¹ბს-25-25(კს-07) 6 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. ხ-ი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 4 აგვისტოს ვ. ხ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 7 ივლისის ¹955პშ ბრძანების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივ აღდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ........... საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 2).

2005 წლის 8 სექტემბერს ვ. ხ-მა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა იძულებითი განაცდურის _ 1200 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 7-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის 2005 წლის 7 ივლისის ¹995პ/შ ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას დაევალა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ასევე ვ. ხ-თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (იხ. ს.ფ. 47-51).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 81-83) და ვ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა “შრომის კანონთა კოდექსის” 42.2 მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე მისი აღდგენა სამუშაოზე (იხ. ს.ფ. 84-85).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის მიერ 2006 წლის 5 ივლისს გაცემული რწმუნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის _ დ. ბ-ის სახელზე არ შეიცავს სპეციალურ აღნიშვნას წარმომადგენლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე, 98.1 მუხლებით და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად (იხ. ს.ფ. 96-98).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან არ იყო წარდგენილი დ. ბ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით, რის გამოც ფინანსურ პოლიციას დაევალა მითითებული ხარვეზის შევსება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ფინანსურმა პოლიციამ კანონით დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი და სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ფინანსური პოლიციის უფროსის მიერ 2006 წლის 5 ივლისს გაცემული რწმუნება ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ, სადაც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ დ. ბ-ეს უფლება ჰქონდა შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გულისხმობს გასაჩივრების უფლებასაც (იხ. ს.ფ. 104-106).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 303-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ამასთან იგი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს სასამართლოში წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად დადგენილი წესით დანიშნოს თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას სასამართლოში წარმოადგენს ფინანსური პოლიციის უფროსი, რომელიც უფლებამოსილია, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭოს ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირს ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ფინანსური პოლიციის სახელით წარადგინა ამავე პოლიციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაგრამ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა და არც საქმეში მოიპოვებოდა სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ხარვეზზე ფინანსური პოლიციის სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე და 98.1 მუხლების საფუძველზე, რადგან სააპელაცო საჩივარი ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტის _ ფინანსური პოლიციის მიერ წარდგენილი რწმუნება არ არის შედგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 15.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით. წარმოდგენილი რწმუნებულებით ფინანსური პოლიციის უფროსმა სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიანიჭა ყველა ინსტანციის სასამართლოში ვ. ხ-ის სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, ფინანსური პოლიციის ინტერესების დაცვისა და ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლი განსაზღვრავს და შეიცავს იმ უფლებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ დოკუმენტში პირდაპირ უნდა იყოს აღნიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი არ სარგებლობს ჩამონათვალში მითითებული საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობით, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, მინდობილობაში სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული ისეთი საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, როგორიცაა სარჩელის აღძვრა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გააჩივრება, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენა, მიკუთვნებული ქონების ან ფურცლის მიღება. ამდენად, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, რწმუნებულება უნდა შეიცავდეს სპეციალურ აღნიშვნას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ფინანსური პოლიციის უფროსის მიერ დ. ბ-ის სახელზე გაცემული რწმუნება არ შეიცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი, ფინანსური პოლიციის უფროსის მიერ გაცემული რწმუნებულებით მინიჭებული ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლების მინიჭება გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასაც, რადგან, როგორც აღინიშნა, ამგვარი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლების მინიჭების შესახებ სპეციალურად უნდა მიეთითოს რწმუნებულებაში და მიუხედავად ყველა საპროცესო მოქმედების მითითებისა, ეს უკანასკნელი არ მოიცავს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასაც, რადგან სსსკ-ის 98.1 მუხლში მოცემული საპროცესო მოქმედებების შესრულება დაკავშირებულია მარწმუნებლის მიერ მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვასთან, რის შესახებაც გადაწყვეტილებას მარწმუნებელი თავად იღებს დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე. ამდენად, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მინდობილობაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, მართებულად დატოვა განუხილველად ფინანსური პოლიციის სააპელაციო საჩივარი ამ უკანასკნელის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფინანსური პოლიციის კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.