ბს-272-257(კს-07) 20 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 24 იანვარს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მისთვის მეორე სახეობის პენსიისა და დანამატის დანიშვნის, ასევე ამავე კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი საპენსიო სხვაობის 12 თვის უკან დახევით ანაზღაურების თაობაზე.
განმცხადებლის განმარტებით, სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ მოყვანილია მსჯელობა ზემოაღნიშნული მუხლის 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერების თაობაზე, აქვე აღნიშნულია, რომ, ვინაიდან, მუხლის მოქმედება შეჩერებულია 2006 წლის 1 იანვრამდე, ა. კ.-ს პენსია უნდა დაენიშნოს მისი ამოქმედების შემდეგ, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მეორე სახის პენსიისა და დანამატის დანიშვნისა და საპენსიო სხვაობის ანაზღაურების დროდ უპირობოდ მითითებულია 2006 წლის 1 იანვარი. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული კანონის 50-ე და მე-60 მუხლები მთლიანად იქნა ამოღებული კანონიდან და სხვა მუხლებთან ერთად 2006 წლიდან არ ამოქმედებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად განმარტებას, თუ რამდენად იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში 2006 წლის 1 იანვრის მითითება აღნიშნული მუხლების ამოქმედების პირობასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებელის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზულოუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, კერძოდ, წინადადება: ,,დაევალოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. კ.-ს დაუნიშნოს მეორე სახეობის პენსია მოხუცებულობის გამო, მოხუცებულთათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატით 2006 წლის 1 იანვრამდე; მასვე დაეკისრა, აუნაზღაუროს ა. კ.-ს მიუღებელი ერთი წლის პენისიაზე დანამატი, 2006 წლის 1 იანვრიდან 12 თვის უკან დახევით”, არ საჭიროებს განმარტებას.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
კერძო საჩივარის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებას, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სოცფონდისათვის გაუგებარია, უნდა მოეხდინა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება 2006 წლის 1 იანვრიდან, მაშინ როდესაც ამ დროისათვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონიდან მე-60 მუხლი ამოღებული იყო. ამასთან, ბუნდოვანია ასევე 12 თვის უკან დახევით რა თანხები (ძირითადი პენსიის – 28 ლარი, მასზე დანამატის, თუU ორივე ერთად – 84 ლარი), უნდა გასცეს ფონდმა, მაშინ როცა პენსიასა და დანამატებზე ა. კ.-ის უფლების რეალიზაციის გადაწყვეტილება ითვალისწინებს მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან (შეუძლებელია უფლების რეალიზაცია ულების წარმოშობამდე).
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა განმარტებას, უნდა დაენიშნოს თუ არა ა. კ.-ს 2006 წლის 1 იანვრიდან მოხუცებულობის პენსია 28 ლარი, მასზე მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობის დანამატით, სულ 84 ლარი და ექვემდებარება თუ არა მის სასარგებლოდ გადახდას 2006 წლის 1 იანვრიდან 12 თვის უკან დახევით თანხები და კერძოდ, რომელი (ძირითადი პენსია, მასზე მხოლოდ დანამატი, თუ ორივე ერთად).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
პროცესის ზემოაღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთ გამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდს დაევალა ა. კ.-სათვის დაენიშნა მე-2 სახეობის პენსია მოხუცებულობის გამო, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დამატებით 2006 წლის 1 იანვრიდან; მასვე დაეკისრა მიუღებელი ერთი წლის პენსიაზე დანამატის 2006 წლის პირველი იანვრიდან 12 თვის უკანდახევით ანაზღაურება.
კერძო საჩივრის ავტორი _საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი _ თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში ამოღებული იქნა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი, რაც გაუგებარს ხდის, ექვემდებარება თუ არა გადაწყვეტილება აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ითხოვს არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, არამედ სასამართლოს დასკვნას კანონის დროში მოქმედების თაობაზე, რაც არსებითად სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების ფარგლებს. როგორც აღინიშნა, მითითებული მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთ გამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რასაც, წინამდებარე შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადგილი არ აქვს.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას, გადაწყვეტილებით, რომლის განმარტებასაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ითხოვს, მოხდა პირის უფლების აღიარება, რომლის რეალიზაცია დაუკავშირდა კონკრეტულ თარიღს. საგულისხმოა, რომ კანონმდებელმა ისე მოახდინა აღიარებული უფლების გაუქმება, რომ არცერთ ეტაპზე არ მოუხდენია მისი რეალიზების მექანიზმის ამოქმედება. უფრო მეტიც, აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგინდა რეგულირების ახალი მექანიზმი, რასაც არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს საკითხის გადაწყვეტისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თვლის, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო მითითებებს, რის გამოც არ არსებობს განცხადებისა და შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.