ბს-279-264(კს-07) 14 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს ,,ს.-ა"
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.06.05წ. განჩინებით აპელანტ შპს ,,ს.-ს" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული, ხოლო ამავე სასამართლოს 01.07.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.09.05წ. განჩინებით კერძო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული. ხარვეზი კერძო საჩივრის ავტორის მიერ გამოსწორებული იქნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.05წ. განჩინებით შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" 11.07.05წ. კერძო საჩივრის განხილვამდე და საქმე კერძო საჩივრის განხილვისათვის გადაეცა საკასაციო სასამართლოს.
საკასაციო პალატის 13.04.07წ. განჩინებით საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში არასწორად იქნა გადმოგზავნილი. კერძო საჩივრის მოთხოვნა სააპელაციო პალატის 09.10.05წ. განჩინებით დაკმაყოფილებული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინება ამევე სასამართლოს მეშვეობით 10.04.07წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს.-მ". კერძო საჩივარი 12.04.07წ. გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა კერძო საჩივრის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოში, რაც სააპელაციო პალატას არ გაუკეთებია. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები და დააკმაყოფილა კერძო საჩივარი. აღნიშნულს ადასტურებს 09.10.05წ. განჩინება, რომლითაც შპს ,,ს.-ის" ფილიალი ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსკ-ის 279-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება დაუშვებელი იყო, ვინაიდან სახეზე იყო ერთი საქმე - შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინების გაუქმება და შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 19.04.07წ. განჩინებით შპს ,,ს.-ის" 10.04.07წ. კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების, კერძო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს.-ის" 10.04.07წ. კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი კერძო საჩივრის მოთხოვნას შეადგენს შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივრის განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოება შესაძლებელია შეჩერდეს სხვა და არა ამავე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ს.-ის" მიერ გასაჩივრებული 08.02.07წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ამავე საქმეზე სააპელაციო პალატის 01.07.05წ. განჩინებაზე შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" კერძო საჩივრის ზემდგომი სასამართლოს მიერ გადაწყვეტამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა კერძო საჩივრის განხილვამდე სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მოცემული საქმის შეჩერების უსაფუძვლობა დადასტურებულია ასევე კერძო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ 13.04.07წ. მიღებული განჩინებით, რომლითაც განიმარტა, რომ შპს .,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" 11.07.05წ. კერძო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში შეცდომით იქნა გადმოგზავნილი, კერძო საჩივრის მოთხოვნა სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებული იყო, კერძოდ, სააპელაციო პალატის 09.10.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იყო მიღებული. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით საქმე შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ,,ს.-ის" კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინება და საქმე შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივრის განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს.-ის" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07წ. განჩინება. განახლდეს საქმის წარმოება შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარზე და შპს ,,ს.-ის" ფილიალის ,,თ.-ს" სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.