Facebook Twitter

ბს-280-265(კს-07) 13 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მესამე პირი – ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,მ.-ის” მიმართ, რომლითაც ითხოვდა მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 7273 ლარის დაკისრებას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 აგვიტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,რ.-ი".

2003 წლის 27 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 72739 ლარის დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ცვლილებებით, სს ,,რ.-ს" შპს ,,მ.-ის" ნაცვლად დაეკისრა 72739 ლარის გადახდა, სადაც ძირითად დავალიანებად განისაზღვრა 30405,61 ლარი, ხოლო საურავი - 42434,38 ლარით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, შპს ,,მ.-ს" ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 72739 ლარის გადახდა, მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინებით.

2006 წლის 24 აგვისტოს შპს ,,მ.-ის” დირექტორმა ი. მ.-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია არითმეტიკული უზუსტობა, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის - 2182,17 ლარის ნაცვლად არასწორადაა მითითებული 3899,33 ლარი.

განმცხადებლი განმარტავდა, რომ დავის საგანს შეადგენდა 72739 ლარი, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო დავის საგნის ღირებულებიდან 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 2187,17 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში არითმეტიკული უზუსტობის გასწორებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს ,,მ.-ის” დირექტორის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 72739 ლარი, რომლის გადახდაც დაეკსირა შპს ,,მ.-ს”, მასვე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3899,33 ლარის ოდენობით, რისი დაკისრების დროსაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩასარიცხი თანხა (3899,33 ლარი) წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 3/%-ს, როგორც ამას მიუთითებს განმცხადებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შპს ,,მ.-ის” დირექტორის განცხადებაში მითითებული მოსაზრება ვერ ჩაითვლება 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებულ აშკარა არითმეტიკულ შეცდომად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,მ.-ის” დირექტორმა ი. მ.-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დავის განხილვის მომეტისთვის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 3%-ს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 72739 ლარს, რომლის 3% არის 2182,17 ლარი. საპროცესო კანონმდებლობის არც ერთი ნორმა სასამართლოს უფლებას არ აძლევს, საკუთარი ინიციატივით მხარეს დააკისროს სახელმწიფო ბაჟის კანონმდებლობით დადგენილზე მაღალი ოდენობა. სასამართლო მხოლოდ უფლებამოსილია, მხარის სასარგებლოდ შეამციროს ან გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის აავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული არითმეტიკული უსწორობის გასწორებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ.-ის” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 06 ივლისის ¹3ბ/143-05 გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,მ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა 72739 ლარი, ხოლო იმავე გადაწყვეტილების მე-4 ნაწილით, შპს ,,მ.-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 3899,33 ლარის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს მისთვის დაკისრებული ბაჟის ოდენობას და ითხოვს გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მიიჩნევს კანონშესაბამისად და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს და ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილებაში საუბარია სახელმწიფო ბაჟზე, რომელიც თავისი არსით განსხვავდება სასამართლო ხარჯებისაგან.

სახელმწიფო ბაჟი ესაა საქართველოს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ შესაბამისი იურიდიული მოქმედების, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის განხილვისათვის. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და მისი გადახდის წესი დადგენილია კანონით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე (საუბარია 2002 წლის რედაქციაზე), სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს. ბაჟის იგივე ოდენობას აწესებდა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

ამდენად უდავოა, რომ სასამართლო, ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას, შებოჭილია კანონით მკვეთრად განსაზღვრული პროცენტული განაკვეთით.

იმავე საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი შეიცავს დავის საგნის განსაზღვრის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, ქონებრივ დავაში დავის საგანი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ,,მ.-ის” მხრიდან სახელმწიფოსათვის გადასახდელმა თანხამ ანუ დავის საგანმა შეადგინა 72739 ლარი, რომლის 3 პროცენტსაც წარმოადგენს 2182,17 ლარი და რომლის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის ვალდებულებაც ეკისრება ,,მ.-ს”. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს გადაწყვეტილებაში მითითებული ბაჟის ოდენობას და თვლის, რომ აღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 06 ივლისის ¹3ბ/143-05 გადაწყვეტილებაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობად ნაცვლად 3899,33 ლარისა უნდა დაფიქსირდეს 2182,17 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ.-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი განჩინება;

3. შპს ,,მ.-ის” განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 06 ივლისის ¹3ბ/143-05 გადაწყვეტილებაში აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. შესწორდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 06 ივლისის ¹3ბ/143-05 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობად ნაცვლად 3899,33 ლარისა დაფიქსირდეს 2182,17 ლარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.