Facebook Twitter

ბს-280-273(კს-08) 13 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. კ-მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ნინოწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისთვის ქმედების განხორციელების დავალება /იხ.ს.ფ. 1-2/.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 61-64/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 74-76/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმებისა და სსსკ-ის 369-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე დაასკვნა, რომ ვ. კ-ს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 17 დეკემბერს, ანუ მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14-დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 110-112/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 28 ნოემბერს, მისი ძმის _ ლ. კ-გან, ხოლო მის მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი გაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2007 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2007 წლის 17 დეკემბერს მას კერძო საჩივარი არ დაუწერია /იხ.ს.ფ. 119-120; 134-135/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის კერძო საჩივარი /იხ.ს.ფ. 137-138/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტისა და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. კ-ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 17 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გადაცილებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის მოტივით, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქმის მასალების მიხედვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი ვ. კ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 28 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 77, ხელწერილი/; გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა აპელანტის ძმამ – ლ. კ-მა, ხოლო ვ. კ-ის მიერ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა 2007 წლის 30 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 76, სააპელაციო საჩივრის უკანასკნელი გვერდი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის რეგისტრაციის ბეჭედი/, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ვ. კ-ს ჩაბჰბარდა 2007 წლის 19 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც საქმის ფურცელ 7-ზე და არც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ვ. კ-თვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2007 წლის 19 ნოემბერს ჩაბარების ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ს თუნდაც 2007 წლის 19 ნოემბერს ჩაჰბარებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეულად არ ჩაითვლება, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2007 წლის 30 ნოემბერს, ანუ კანონისმიერი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დაცვით. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ვ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის 2007 წლის 17 დეკემბერს შეტანის შესახებ, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2007 წლის 30 ნოემბერს, რაც დადასტურებულია რაიონული სასამართლოს კანცელარიის რეგისტრაციის შტამპით, ხოლო 2007 წლის 17 დეკემბერს შეტანილი საჩივარი წარმოადგენს დამატებით სააპელაციო საჩივარს და მისი შეტანის დრო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დროდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ ვ. კ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 28 ნოემბერს, რაც დასტურდება ხელწერილით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება _ სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას _ უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვ. კ-ის მიერ საპროცესო უფლება _ გაასაჩივროს რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით _ რეალიზებულ იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც მან მოიპოვა უფლება სააპელაციო სასამართლოს მიერ ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გადამოწმებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის (სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის) განსაზღვრული ვადის _ არასწორი ათვლის გამო არ განხორციელდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას ნაწილობრივ, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება; საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი (საბოლოო) გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების პირობებში სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ, როცა კერძო საჩივრით კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განჩინება, რომელზედაც ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურად შეუძლებელია, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პროცესუალური უფლებამოსილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მერვე კარის (თავი XLV, აპელაციის დასაშვებობა) საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გააჩნია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.