ბს-288-281(კს-08) 20 მაისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი”
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური საწარმო ,,ზ-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 6 იანვარს ინდივიდუალურმა საწარმო ,,ზ-მა” (ინდმეწარმე ,,მ. ჩ-ე”) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების მიერ მომხდარიყო იმპორტირებული საქონლის განბაჟება გარიგების ფასის მიხედვით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა იმპორტირებული საქონლის განბაჟება გარიგების ფასის, მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დეკლარაციისა და ინვოისის შესაბამისად გადახდილი თანხის მიხედვით, ხოლო ამის შემდეგ საბაჟოს დეპოზიტზე დადებული თანხიდან – 13503,96 ლარიდან დარჩენილი თანხის მისთვის დაბრუნების მოპასუხეებისათვის დავალება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საწარმო ,,ზ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,აღმოსავლეთმა”, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდუალური საწარმო ,,ზ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დაეკისრა დეკლარაციისა და ინვოისის შესაბამისად, ინდივიდუალური საწარმო ,,ზ-ის” მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ტვირთის განბაჟება 455,65 ევროდ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა საქონლის განბაჟების თანხის – 455,65 ევროს გადახდის შემდეგ საბაჟო დეპოზიტზე დარჩენილი თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო ,,აღმოსავლეთმა”, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
2008 წლის 30 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დაეკისრა დეკლარაციისა და ინვოისის შესაბამისად, ინდივიდუალური საწარმო ,,ზ-ის” მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ტვირთის განბაჟება 455,65 ევროდ, თუკი საბაჟო ორგანო მოახდენდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რითაც იმპორტის გადასახდელები არ უნდა ყოფილიყო 455,65 ევროზე მეტი, მაშინ საბაჟო ორგანო იძულებული იქნებოდა დაერღვია სასამართლო გადაწყვეტილების პირველი ნაწილი, რომლითაც სასამართლო ავალებდა საბაჟო ორგანოს მოეხდინა განბაჟება დეკლარაციისა და ინვოისის შესაბამისად. ინვოისში საქონლის მიწოდების პირობად მითითებული იყო ЕXჭ, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო გარიგებებში გამოყენებული სავაჭრო ტერმინების ინტერპრეტაციის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ნიშნავდა ЕX ჭOღKშ გამყიდველი უშუალოდ თავის შენობაში გადასცემდა მყიდველს იმ საქონელს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაშიც კი არ იყო ჩატვირთული. შესაბამისად, ისეთი სახის ინვოისში, სადაც მიწოდების პირობად მითითებული ЕXჭ, არ შედიოდა ტრანსპორტირების და დაზღვევის ხარჯები. თუ საბაჟო ორგანო ვალდებული იყო ინვოისის მიხედვით მოეხდინა საქონლის განბაჟება, მაშინ მეორე მხარე ვალდებული იყო ღირებულების განსაზღვრისასა დაემატებინა ეს ხარჯები, რაც შეადგენდა 2610 ევროს.
შესაბამისად, საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას, ტრანსპორტირების ხარჯების (2610 ევრო) გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახდელები შეადგენს, სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ თანხას 455,65 ევროს დამატებული 917 ევრო, სულ 1373,53 ევროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო ,,აღმოსავლეთმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო "აღმოსავლეთის" კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
პროცესის ზემოაღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო "აღმოსავლეთის" სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური საწარმო “ზ-ის” (ინდმეწარმე ,,მ. ჩ-ე’’) სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო "აღმოსავლეთს" დაეკისრა დეკლარაციის და ინვოისის შესაბამისად, ინდივიდუალური საწარმო “ზ-ის” მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ტვირთის განბაჟება _ 455,65 ევროდ; ბ) მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის, საქონლის განბაჟების თანხის _ 455,64 ევროს გადახდის შემდეგ, საბაჟო დეპოზიტზე დარჩენილი თანხის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი” _ თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია, კერძოდ, თუ საბაჟო ორგანო ინვოისის მიხედვით მოახდენს საქონლის განბაჟებას, ის ვალდებული იქნება, საბაჟო ღირებულების გამოანგარიშებისას დაამატოს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ თანხას გაზრდის 1373,53 ევრომდე.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ითხოვს არა გადაწყვეტილების განმარტებას, არამედ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით წარმოადგენს დამატებით საფუძვლებს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს საქმის არსებით განხილვაში შესვლას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე სარჩელის საფუძველზე ითხოვდა განბაჟებას სწორად იმ თანხით (455,64 ევროდ), რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე თანხის ოდენობა (დაანგარიშება) სადავოდ არ გაუხდია. სამივე ინსტანციის სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური საბაჟო "აღმოსავლეთის" მოტივაცია ემყარებოდა განბაჟების მეთოდის გამოყენების მართებულობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის (კერძო საჩივრის ავტორის) მოთხოვნის დაკმაყოფილება არსებითად სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების ფარგლებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რასაც, წინამდებარე შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის განცხადებისა და შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.