¹ბს-290-275(კს-07) 23 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე)
მესამე პირები: 1. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; 2. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური (ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)
შეგებებული სარჩელის ავტორები _ ე. მ-ე, დ. ყ-ი
დავის საგანი _ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება; განჩინების განმარტება; სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 10 მაისს გ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის მთავარ სამმართველოსა და ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურზე.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 22 დეკემბრის ¹690 განკარგულებით ქ. თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში განლაგებული ყველა ნაგებობა გადაეცა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის მთავარ სამმართველოს და მიეცა კონკრეტული დავალებები ამ არასაცხოვრებელი ფართობების მოვლა-პატრონობაზე. 2000 წლის 4 მარტს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის მთავარ სამმართველოსთან მოსარჩელემ დადო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება ........... წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ 35 კვ.მ ფართზე, კვარტალური ქირით _ 38 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა, 2001 წლის 17 იანვარს იმავე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2001 წლის ბოლომდე. ხსენებული ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გააკეთა 5000 ლარის ღირებულების რემონტი. მას და გამქირავებელს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები კეთილსინდისიერად სრულდებოდა და არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 557-ე, 558-ე და 559-ე მუხლებით დადგენილი არც ერთი პირობა, რომელიც გახდებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე ან ვადის გასვლის გამო მოშლის საფუძველი. 2001 წლის 8 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის უფლების მინიჭების თაობაზე, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ბრძანების საფუძველზე, იმავე წლის 3 აპრილს ჩატარდა კონკურსი მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე, რომელშიც გაიმარჯვეს ე. მ-ემ და დ. ყ-მა, რაც გაფორმდა 2001 წლის 3 აპრილის ¹14 ოქმით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონკურსის თაობაზე მისთვის ცნობილი არ იყო და აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ კონკურსის ჩატარების შემდეგ.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ბრძანება და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის ¹14 ოქმის დადგენილება იყო უკანონო, ლახავდა მის უფლებებს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ბრძანებისა და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა.
გ. ბ-ის სარჩელზე დ. ყ-მა და ე. მ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სასარჩელო განცხადება და აღნიშნეს, რომ 2001 წლის 3 აპრილს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სრული დაცვით, მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში გამართულ კომერციულ კონკურსში და გაიმარჯვეს, რის საფუძველზეც მოიპოვეს 10 წლით იჯარის უფლება ......... ქუჩაზე, ............ წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ, სახელმწიფოს კუთვნილ 42,1 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. სადავო ფართი, როგორც კონკურსის გამოცხადებისას, ასევე მისი ჩატარებისას, იყო გამოთავისუფლებული, გ. ბ-ემ კი ისარგებლა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით და 2001 წლის აპრილის ბოლოს დაიკავა აღნიშნული სადავო ფართი. ე. მ-ემ და დ. ყ-მა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის 2000 წლის 4 მარტს დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ფართიდან გ. ბ-ის გამოსახლება და ფართის დალუქვა, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ. ყ-ისა და ე. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის 2000 წლის 4 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ამ გადაწყვეტილების თანახმად, მისი ძალაში შესვლის შემდეგ გ. ბ-ძე გამოსახლებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, .......... ქუჩაზე, ........... წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ ფართიდან; დ. ყ-სა და ე. მ-ეს უარი ეთქვათ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 19 მარტის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ¹1-4/98 ბრძანება და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის სხდომის ¹14 ოქმი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ყ-მა და ე. მ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ის, დ. ყ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
2004 წლის 12 ნოემბერს ე. მ-ის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადებას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹.......... სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე გ. ბ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹.......... სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრისა და 2005 წლის 31 იანვრის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს ¹3/25 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეგებებული სარჩელის ავტორებს _ ე. მ-ესა და დ. ყ-ს განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა გ. ბ-ის გამოსახლებას 35 კვ.მ ფართიდან და კრედიტორისთვის მის ჩაბარებას სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. პ-ს სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის განმარტებაზე უარი ეთქვა, რადგან აღნიშნული შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის მეორე განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს.
2006 წლის 27 მარტს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში მექანიკური შეცდომის გასწორება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებით უკანონოდ არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის კერძო საჩივარი და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებაზე იყო კანონიერი, რომელშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფართი კრედიტორს უნდა ჩაჰბარებოდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ანუ ე. მ-ესა და დ. ყ-ს იგი უნდა ჩაჰბარებოდათ თავისუფალ მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც მათ ამ ფართზე არავითარი უფლება არ გააჩნდათ და ფართი, რომელიც მის ოჯახს ეჭირა, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. იმავე განჩინებით გ. ბ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც იყო მექანიკური შეცდომა, ვინაიდან იგი იყო ინვალიდი, რის გამოც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება, თუ ვინ იგულისხმა სასამართლომ კრედიტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, არ მიუკუთვნებია არც ერთი მხარისათვის და იგი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში.
2006 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და მოითხოვა ერთდროულად ყოფილიყო განხილული 2006 წლის 27 მარტისა და 2006 წლის 18 აპრილის განცხადებები.
2006 წლის 18 აპრილის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ. ბ-თვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის _ 15 ლარის გადახდაზე. განმცხადებელმა დააყენა იგივე მოთხოვნები, რაც მოითხოვა 2006 წლის 27 მარტის განცხადებით, აგრეთვე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; განმცხადებელ გ. ბ-ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებაში მექანიკური შეცდომების გასწორებასა და ამავე განჩინების განმარტებაზე; არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტება და მითითებული ნაწილის ნორმა დასაშვებად მიიჩნევდა მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინება) სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას მისი შინაარსის შეუცვლელად, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების შინაარსი იყო ბუნდოვანი, იგი არ იყო აღსრულებული და არ იყო გასული ვადა, რომლის განმავლობაში იგი შეიძლებოდა აღსრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი და, შესაბამისად, განმცხადებელ გ. ბ-ეს უარი უნდა თქმოდა ხსენებული განჩინების განმარტებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებით სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გ. ბ-თვის დაკისრება არ წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა წარდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებელი გ. ბ-ე იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი და ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო გ. ბ-ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებაში მექანიკური შეცდომების გასწორების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, რის გამოც სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო განმცხადებლის მოთხოვნა 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლები და აღნიშნა, რომ გ. ბ-ის მიერ ინვალიდობის ცნობა არ იყო კანონით დადგენილი წესით წარდგენილი სასამართლოში და ასეთი წესით წარდგენილი ცნობა არ იყო საქმეში, ანუ სასამართლომ გ. ბ-ის მიერ წარდგენილ ცნობის ასლს ისე არ მიანიჭა მტკიცებულების ძალა, რომ არ მოუთხოვია მისი დედნის წარდგენა, რაც კანონსაწინააღმდეგოა და ლახავს მის უფლებებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და მიიღო უკანონო განჩინება.
გ. ბ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 23 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ბ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ. ყ-ისა და ე. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის 2000 წლის 4 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ამ გადაწყვეტილების თანახმად, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, გ. ბ-ე გამოსახლებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ......... ქუჩაზე, ......... წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ ფართიდან; დ. ყ-სა და ე. მ-ეს უარი ეთქვათ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 144-145). თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ¹1-4/98 ბრძანება და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის სხდომის ¹14 ოქმი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით (ტ. 2, ს.ფ. 548-562). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ის, დ. ყ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 694-703). 2004 წლის 12 ნოემბერს ე. მ-ის განცხადების საფუძველზე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორებად მიეთითა დ. ყ-სა და ე. მ-ზე, ხოლო მოვალედ _ გ. ბ-ზე (ტ. 2, ს.ფ. 710-719).
საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადებას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹......... სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო (ტ. 2, ს.ფ. 726-727). აღნიშნულ განჩინებაზე გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ. 2, ს.ფ. 763). თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეგებებული სარჩელის ავტორებს _ ე. მ-ესა და დ. ყ-ს განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა გ. ბ-ის გამოსახლებას 35 კვ.მ ფართიდან და კრედიტორისთვის მის ჩაბარებას სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (ტ. 2, ს.ფ. 752-753). აღნიშნულ განჩინებაზე გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ. 4, ს.ფ. 769). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებებით გ. ბ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრისა და 2005 წლის 31 იანვრის განჩინებები, ასევე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებები; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებით სახელმწიფო ბაჟის სახით 15-15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს (ტ. 4, ს.ფ. 72-82). გ. ბ-ემ ინვალიდობის შესახებ ცნობის ასლი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას წარუდგინა 2005 წლის 6 მაისს (ტ. 4, ს.ფ. 2).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებსაც: 2006 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი გ. ბ-თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 15-15 ლარის გადახდაზე (ტ. 4, ს.ფ. 84). 2006 წლის 27 მარტს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის _ იმავე განჩინებით “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული ინვალიდი გ. ბ-თვის სახელმწიფო ბაჟის შეცდომით დაკისრების გასწორება, აგრეთვე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება (ტ. 4, ს.ფ. 89). 2006 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და მოითხოვა ერთდროულად ყოფილიყო განხილული 2006 წლის 27 მარტისა და 2006 წლის 18 აპრილის განცხადებები, ამასთან, 2006 წლის 18 აპრილის განცხადებით გ. ბ-ემ დამატებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება (ტ. 4, ს.ფ. 93). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, მას უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებაში მექანიკური შეცდომების გასწორებასა და ამავე განჩინების განმარტებაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე (ტ. 4, ს.ფ. 105-109).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიგო, თუ რომელი განჩინების განმარტება მოითხოვა გ. ბ-ემ 2006 წლის 27 მარტის განცხადებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინების განმარტება და აღნიშნა, რომ ხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი, მაშინ, როდესაც, აღნიშნული განცხადებით გ. ბ-ემ მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება, რომლითაც ე. მ-ესა და დ. ყ-ს განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა გ. ბ-ის გამოსახლებას 35 კვ.მ ფართიდან და კრედიტორისთვის მის ჩაბარებას სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (ტ. 2, ს.ფ. 752-753). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ მიუღია თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ გ. ბ-ის მოთხოვნაზე, იმსჯელა სულ სხვა განჩინების განმარტების თაობაზე და გ. ბ-ეს უარი უთხრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინების განმარტებაზე, რომლის განმარტებაც გ. ბ-ეს არ მოუთხოვია. ამასთან, საგულისხმოა, რომ გ. ბ-ე ითხოვდა მისთვის განემარტათ, ვინ იყო კრედიტორი _ სახელმწიფო, რომელსაც დარჩა სადავო ქონება, თუ დ. ყ-ი და ე. მ-ე, რომელთა მიმართ გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის სხდომის ¹14 ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ბათილად იქნა ცნობილი, რითაც მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სადავო ქონებაზე მოისპო. სასამართლოს მიერ ისე გაიცა სააღსრულებო ფურცელი დ. ყ-სა და ე. მ-ზე გ. ბ-ის გამოსახლების შესახებ, რომ სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც დ. ყ-სა და ე. მ-ეს მისი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი მოესპოთ, რადგან კრედიტორი ამ ქონებაზე სასამართლო გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის ზემოაღნიშნული განცხადებების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ გაითვალისწინა, რომ 2006 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო ორი სხვადასხვა განჩინება გ. ბ-ის ორ კერძო საჩივარზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მიუთითა, რომ გ. ბ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რომელ მათგანზე იმსჯელა, 2006 წლის 15 მარტის რომელ განჩინებასთან მიმართებაში მიიღო გასაჩივრებული განჩინება და არ დააკმაყოფილა გ. ბ-ის ზემოთ მითითებული განცხადებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე, ანუ მიუთითა მხოლოდ ერთ სააღსრულებო ფურცელზე, მაშინ, როდესაც 2006 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი გ. ბ-თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 15-15 ლარის გადახდაზე (ტ. 4, ს.ფ. 84). სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ უმსჯელია გ. ბ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლიანობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და სახეზეა აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ბ-ის განცხადებების ხელახლა განხილვისის უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს აღნიშნულ განცხადებებში მითითებულ მოთხოვნებზე, მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, სრულყოფილად გაარკვიოს ხსენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და გ. ბ-ის განცხადებები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება და გ. ბ-ის განცხადებები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.