ბს-30-30(კ-კს-07) 25 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი
ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე განცხადებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივრის მიჩნევისა და აღნიშნული განცხადების იმავე სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანება.
2006 წლის 27 დეკემბერს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 414-ე, 415-ე და 416-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
2006 წლის 27 დეკემბერსვე შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო და კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი თავისი ფაქტობრივი შინაარსით წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე განცხადებას, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს ასეთი სახის განცხადებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ ამავე სამმართველოს განცხადება განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე განცხადებად;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.