Facebook Twitter

¹ბს-304-287(კს-07) 13 ივნისი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – სს “გ.-ი”

სს “ჰ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – განცხადების დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილული იქა სს “გ.-ის” სასარჩელოგანცხადება მოპასუხე სს “ჰ.-ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. 2000 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 323059,62 აშშ დოლარის გადახდა, რაც უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2004 წლის 29 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2005 წლის 10 იანვარს გორის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹02ა/74 სააღსრულებო ფურცლის შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციას უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული განჩინება 2005 წლის 5 მაისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მაისის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი ჩაითვალა ხარვეზიანად და კერძო საჩივრის ავტორს მიეცა 5 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად (სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით მითითებული საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2005 წლის 26 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას შუამდომლობით მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება ინსპექციაში არსებული შიდა პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ იქნა დასაშვებად მიჩნეული და გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი გადაუგზავნა უფლებამოსილ – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ მოცემული დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და უნდა მოწესრიგებულიყო ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გარჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოსა და 2 სექტემბრის განჩინებები; კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

2006 წლის 5 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 5 მაისის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მაისის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზის მქონედ იმ მოტივით, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული სამართალწარმოებითი მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძვლები და განმცხადებელს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე მითითებული საფუძვლების დასაზუსტებლად.

2007 წლის 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა განცხადებაში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლირს 16 მაისის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინების მე-3 პუნქტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება ხარვეზის თაობაზე ჩაჰბარდათ 2007 წლის 29 იანვარს, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ შეიტანეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლს მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2007 წლის 1 თებერვალს, რაც გორის საგადასახადო ინსპექციის მოსაზრებით, წარმოადგენდა მათი განცხადების დასაშვებად მიჩნევის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის ¹3ბ/1008.06 განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოსა და 2 სექტემბრის განჩინებები; კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, შესაბამისად მხოლოდ მითითებული სასამართლო წყვეტს საკითხს კერძო საჩივრის დასაშვებობის, მისი დაკმაყფოილების თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებს მიაქღევს შემდეგ გარემოებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გარჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას, რომელიც იმავე 419-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამრათლო განმარტავს, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესული განჩინების რევიზიის შესაძლებლობას, რაც საკასაციო სასამართლოს და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ართმევს პროცესუალურ უფლებამოსილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებაში და შეამოწმოს მისი კანონიერება, განურჩევლად იმისა, რამდენად იზიარებს საკასაციო სასამართლო გორის საგადასახადო ინსპექციისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა და ხარვეზის შევსების მიზნით ვადის გაგრძელების საკითხს.

აქვე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღინიშნლს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების ორად-ორ საფუძველს, რაც მკაცრადაა გაწერილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და სასამართლო საქმის წარმოების განახლებისას შეზღუდულია იმავე საპროცესო კოდექსის 421-423- მუხლების დადგენილი განაწესით.

გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება არ შეიცავს მითითებას არცერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე, განცხადებაში განსაზღვრული არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, განცხადება მიმართულია სასამართლოს იმ განჩინების წინააღმდეგ, რომლის გასაჩივრებასაც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა მითითებული განცხადების ხარვეზზე დატოვებისა და ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი მექანიზმი, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებებს, თვლის, რომ განჩინებები უნდა გაუქმდეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით;

3. საქართველოს უზენაესი სასამრათლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.