კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-308-291(კს-07) 31 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შევამოწმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა პალატის 02.03.07წ. განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.04.07წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიეცა 19.04.07წ. განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში კასატორს უნდა გამოესწორებინა ხარვეზი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს განჩინება ჩაჰბარდა 24.04.07წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” მითითებული ხარვეზი ვადაში არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. განუხილველად დარჩეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” კერძო საჩივარი;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.