ბს-320-311(კს-08) 9 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “.....” დირექტორის _ რ. ს-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 23.03.07წ. ¹227 ბრძანების ბათილად ცნობა, აღნიშნული ბრძანებით გამოცხადებული აუქციონის ჩატარების შეჩერება და მოპასუხისათვის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების საფუძველზე, მათ მიერ დადგენილ ფასებში სადავო მიწის ნაკვეთზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დავალება მოითხოვა.
შპს “....” და ი/მ “....” უფლებამონაცვლე ნ. ტ-მა 02.08.07წ. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის, შპს “....” და მესამე პირის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 30.04.07წ. სააუქციონო ვაჭრობის ¹5 ოქმის დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის მერიის 04.05.07წ. ¹405 ბრძანების, 27.04.07წ. ¹01, 23.05.07წ. ¹1 საგადასახადო დავალებების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის ¹8 რეესტრი ¹1-5084 ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.10.07წ. საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ი/მ “....” უფლებამონაცვლის _ ნ. ტ-ის მოთხოვნის ნაწილში ქ. ბათუმის მერიისა და შპს “....” მიმართ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.10.07წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “....” მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ იქნა დასაშვებად მიჩნეული და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.07წ. გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “.....” მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.07წ. გადაწყვეტილება 29.01.08წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.....”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინებით შპს “.....” დირექტორ რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით, კერძოდ, ს.ფ. 117-ზე მდებარე გზავნილით, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.07წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა შპს “.....”, დასტურდება, რომ იგი 11.01.08წ. ჩაჰბარდა საზოგადოების დირექტორის მეუღლეს გადასაცემად, ხოლო მხარის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 29.01.08წ. მაშინ, როდესაც აპელანტს მისი გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2008 წლის 26 იანვრამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “....” დირექტორ რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება 21.03.08წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “....” დირექტორმა რ. ს-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათავის გადაცემა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ გაარკვია თუ როდის გადაეცა აპელანტს გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ზ. ს-ის ოჯახი და ამასთან, განლაგებულია შპს “....” ოფისიც. აპელანტ რ. ს-ეს მეუღლე არ ჰყავს და არასდროს არ ჰყოლია, მართლაც ზ. ს-ის მეუღლემ თ. ს-ემ გადასცა მას გადაწყვეტილების ასლი 20.01.08წ. შემდეგ, მანამდე კი იგი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ადგილზე არ იმყოფებოდა. ამასთან, რ. ს-ე ცხოვრობს სხვა მისამართზე ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹72ა, ბინა 45-ში, .... ქუჩაზე კი განლაგებულია ოფისი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლების თანახმად, მხარეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, მისი არყოფნის შემთხვევაში გადასაცემად დატოვებული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამდენად, რ. ს-ეს უწყება გადაეცა 20 იანვარს და გასაჩივრების ვადის ათვლაც უნდა დაწყებულიყო 2008 წლის 20 იანვრიდან. თვით ფაქტი, რომ უწყება გადასაცემად დაუტოვეს სხვა პირს და არა მეუღლეს (მეუღლე ს-ეს არ ჰყავს) და პირადად მას არ მიუღია, სადავო არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” დირექტორ რ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.07წ. გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის ჩაბარების დროს – 11.01.08წ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის რედაქცია ითვალისწინებდა უწყების ჩაბარებას მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის, უწყების მიმღები ვალდებული იყო, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებია ადრესატისათვის. ჩაბარებულად ითვლებოდა როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “...” დირექტორ რ. ს-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ გზავნილი ჩაჰბარდა ზ. ს-ის მეუღლეს და მას 20.01.08წ. გადასცეს, არ ცვლის საქმის შედეგს. საქმეში დაცულია ფოსტის მუშაკის მიერ ხელმოწერით დამოწმებული გზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 11.01.08წ. გადასაცემად ჩაიბარა ნ. ს-ემ, რ. ს-ის მეუღლემ (ს.ფ. 117), ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. ს-ის ქორწინებაში არყოფნის ფაქტს. საქმის ვითარებას არ ცვლის კერძო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ რ. ს-ე ცხოვრობს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹72ა, ბინა 45-ში, ხოლო ..... ქუჩაზე განლაგებულია მათი ოფისი, რადგან სასარჩელო განცხადებაში რ. ს-ის მიერ შპს “....” მისამართი მითითებულია ქ. ბათუმი, .... ქ. ¹13, ბინა ¹34 და სწორედ ამ მისამართზე ეგზავნებოდა და ჰბარდებოდა უწყებები მოსარჩელეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით, ხოლო 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს ის მისამართი, რომელზეც სურს, რომ სასამართლომ გაუგზავნოს უწყება. ალტერნატიული მისამართის (71-ე მუხ.) ან მისამართის შეცვლის შესახებ (სსკ-ის 76-ე მუხ.) მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “....” დირექტორის, რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.