Facebook Twitter

¹ბს-323-305(კს-07) 30 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გურჯაანის მუნიციპალური გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. პ-ი

მესამე პირი – რ. ო-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. პ-მა. მან 1999 წლის 27 ნოემბერს გურჯაანის რაიონის გამგეობის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹104 დადგენილების საფუძველზე დადო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით სოფელ ........-ში მდებარე 3 ჰექტარ ტბორზე და 6 ჰექტარ საძოვარზე, რაზეც წელიწადში უნდა ეხადა საიჯარო ქირა 36 ლარის ოდენობით.

2001 წლის 1 აგვისტოს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე გურჯაანის რაიონის გამგეობამ ¹75 დადგენილებით ხელშეკრულების მოთხოვნების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 660-ე მუხლის დარღვევით, მასთან შეუთანხმებლად გააუქმა საიჯარო ხელშეკრულება ნაწილობრივ 3 ჰექტარ ტბორზე და დაუტოვა 6 ჰექტარი საძოვარი,. იმავე დღეს, სანამ მასთან დადებულ ხელშეკრულებას გააუქმებდა გურჯაანის რაიონის გამგეობამ ¹74 დადგენილებით აღნიშნული 3 ჰექტარი ტბორი იჯარით გასცა სოფელ ........-ში მცხოვრებ გ. ო-ზე.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა გურჯაანის რაიონის გამგეობის 2001 წლის 1 აგვისტოს ¹75 და ¹74 დადგენილებების გაუქმება და გურჯაანის რაიონის გამგეობის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 204 დადგენილების აღდგენა.

სასამართლომ ე. პ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; გააუქმა გურჯაანის რაიონის გამგეობის 2001 წლის 1 აგვისტოს ¹74 დადგენილება გ. ო-თვის 3 ჰა ტბორის იჯარით გადაცემის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა დატოვა განუხილველი.

გურჯაანის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით გურჯაანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად გამგეობის მხრიდან სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის გაშვების მოტივით.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე გურჯაანის რაიონის გამგეობამ წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ გამგეობამ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა არა 18 იანვარს, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, არამედ 22 იანვარს, ხოლო ხუთ თებერვალს (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში) გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რის დასტურადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მტკიცებულების სახით კერძო საჩივარს დაურთო შემოსულ კორესპონდენციათა ჟურნალიდან ამონაწერი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს გურჯაანის მუნიციპალურ გამგეობას ჩაჰბარდა 2007 წლის 18 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილია 2007 წლის 5 თებერვალს, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ გურჯაანის მუნიციპალურ გამგეობას ჩაჰბარდა თუ არა სსსკ-ის 73.3. მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც გურჯაანის მუნიციპალურ გამგეობის მიერ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დასტურზე არ ირკვევა მისი მიმღები პირის ვინაობა და არ არის სათანადო წესით დადასტურებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია, ჩაჰბარდა თუ არა მხარეს სასამართლო გზავნილი, მაშინ, როცა კერძო საჩივარზე თანდართული გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებული ასლის თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ე. პ-ის საქმეზე გურჯაანის მუნიციპალურ გამგეობაში რეგისტრირებულია 2007 წლის 22 იანვარს (ს.ფ. 78), ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 5 თებერვალს (ს.ფ. 54, სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაციის ბეჭედი).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, შეაფასოს ზემომითითებული გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დასტურზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის რეგისტრაციის ჟურნალში რეგისტრირებულია რა 2007 წლის 22 იანვარს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საფუძველს, რომ ამ თარიღით მოხდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეგისტრირება ადმინისტრაციულ ორგანოში ნაცვლად ჩაბარების დასტურზე არსებული ჩანაწერისა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ დასკვნა იმის თაობაზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალური გამგეობას ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესით და რა თარიღით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზემომითითებული გარემოების დადგენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ იქნება სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი დაადგინოს, გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის მიერ სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზვრული 14-დღიანი ვადის გადაცილების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გურჯაანის მუნიციპალური გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.