Facebook Twitter

ბს-332-314(კს-07) 13 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარე ჯ. ვ.-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – აღსრულების წესის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 19 აგვისტოს რ. მ.-მ, ჯ. ვ.-მ, ო. კ.-მ, მ. ჯ.-მა და სხვებმა (სულ 84 პირმა) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სს ,,ტ.-ისა” და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ სს ,,ტ.-ს” დაკისრებოდა ყველა დაზარალებულზე (კავშირის წევრებზე) დარიცხული სარჩოდან საწევროს 0,1%-ის ოდენობით დაქვითვა და დარიცხვის განაცხადის წარდგენა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დავალებოდა წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, საწევროს თანხა გადაერიცხვა დამოუკიდებელი კავშირის ანგარიშზე ¹..., კოდი ....

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. მ.-ისა და სხვათა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - სს ,,ტ.-სა” და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალათ მათ შორის დადებული ხელშეკრულებისათვის დაემატებინათ მოსარჩელეთა სასარგებლო პუნქტი, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე სს ,,ტ.-ი” იკისრებდა ვალდებულებას, მოეხდინა ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრთა სახელზე დარიცხული სარჩოდან კავშირის საწევროს, ამ თანხის 1%-ის დაქვითვა და განაცხადის წარდგენა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში, ხოლო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოეხდინა აღნიშნული თანხის გადარიცხვა ,,...” კავშირის ¹... ანგარიშზე, კოდი ¹....

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების - რ. მ.-ის, ჯ. ვ.-ისა და სხვათა (სულ 84 პირის) სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; სს ,,ტ.-ს” დაევალა ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების თანხმობის შემთხვევაში, დარიცხული სარჩოდან დაექვითა საწევრო 1%-ის ოდენობით და განაცხადი წარედგინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა წარდგენილი განაცხადის შესაბამისად დაქვითული საწევროს თანხები გადაერიცხა ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის ¹... ანგარიშზე, კოდი ....

2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ნახშირის მრწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარე ჯ. ვ.-მ განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დაკმაყოფილდა საქართველოს ნახშირის მრწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების სარჩელი და მოპასუხე სს ,,ტ.-ს” დაეკისრა ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების თანხმობის შემთხვევაში, დარიცხული სარჩოდან საწევროს 1%-ის ოდენობით დაქვითვა და განაცხადის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში წარდგენა, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა წარდგენილი განაცხადის შესაბამისად დაქვითული საწევროს თანხების ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის ანგარიშზე გადარიცხვა. განმცხადებლის განმარტებით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. ამჟამად კი, სს ,,ტ.-ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოხდა მისი ქონების რეალიზაცია და სს ,,ტ.-ის” ბუღალტერია აღარ აწარმოებს ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას. ეს ფუნქცია გადაეცა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, უნდა შეიცვალოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების წესი, კერძოდ, მოპასუხე სს ,,ტ.-ის” ნაცვლად, ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების თანხმობის შემთხვევაში, დარიცხული სარჩოდან საწევროს 1%-ის ოდენობით დაქვითვა უნდა დაეკისროს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარის განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ტ.-ს” დაკისრებული აქვს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების თანხმობის შემთხვევაში დარიცხული სარჩოდან საწევროს 1%-ის ოდენობით დაქვითვა, დაეკისრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სოცფონდსა და სს ,,ტ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, სარჩოს თანხის გაანგარიშებას ახდენდა სს ,,ტ.-ი”, რომლის შემდგომაც, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდი ახდენდა გადაანგარიშებული თანხების გადარიცხვას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ,,ტ.-ს” ევალებოდა სარჩოდან პროფკავშირის საწევროს დაქვითვა 1%-ით და ცალკე ანგარიშზე გადარიცხვა. ფონდს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია, რადგან აღნიშნული ქმედების განხორციელება ევალებოდა სს ,,ტ.-ს”.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული ფონდის დებულების თანახმად, ფონდის კომპეტენციას განეკუთვნება ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და მისი სარჩოს მიმღებთა პირად ანგარიშზე გადარიცხვა. ფონდისათვის 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკისრებული ვალდებულების – საბუღალტრო ოპერაციების შესრულება სარჩოს თანხების დასაკავებლად და, შესაბამისად, საბანკო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სცილდება მის კომპეტენციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინება და ჯ. ვ.-ის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს დასაშვებობის სტადიიდან.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

სს ,,ტ.-ის” გენერალური დირექტორის 2006 წლის 14 ივლისის წერილით ირკვევა, რომ სს ,,ტ.-ის” აქციები გადავიდა შპს ,,ს.-ის” საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულ სასამართლოს უნდა გაერკვია, მოხდა თუ არა სს ,,ტ.-ის” სრული ლიკვიდაცია და მთლიანად შეისყიდა იგი შპს ,,ს.-მა”, აღარ არსებობს სს ,,ტ.-ი”, თუ მხოლოდ ნაწილი აქციები შეისყიდა შპს ,,ს.-მა”.

სასამართლოს მითითებით, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა არ გულისხმობს მოპასუხის შეცვლას.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარე ჯ. ვ.-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სარჩოდან საწევროს დაქვითვის სოცფონდისათვის დავალდებულება ნიშნავდა არა აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლას, არამედ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც იყო დაუშვებელი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარემ ჯ. ვ.-მ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლას ისე, რომ დარიცხული სარჩოდან საწევროს ერთი პროცენტის დაქვითვა დავალებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებას: ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების – რ. მ.-ისა და სხვების (სულ 84 პირის) სარჩელი დაკმაყოფილდა; სს ,,ტ.-ს” დაეკისრა ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის წევრების თანხმობის შემთხვევაში დარიცხული სარჩოდან საწევროს ერთი პროცენტის დაქვითვა და განაცხადის საქართველოს სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში წარდგენა; საქართველოს სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა წარდგენილი განაცხადის შესაბამისად დაქვითული საწევროს თანხების ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის ანგარიშზე ¹36080004, კოდი 220101490 გადარიცხვა.

იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე სს ,,ტ.-ის” მიმართ აღიძრა გაკოტრების საქმე და საზოგადოების ქონება გასხვისდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება და მისი სარჩოს მიმღებ პირთა პირად ანგარიშზე ჩარიცხვა 2006 წლის 1 იანვრიდან დაევალა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარემ, მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა იმგვარად, რომ დარიცხული სარჩოდან საწევროს ერთი პროცენტის დაქვითვა დავალებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რასაც კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს უსაფუძვლოდ და კერძო საჩივრით ითხოვს განცხადების დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ დასტურდება საპროცესო ნორმების არასწორი გამოყენება-განმარტების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებას და განმარტავს, რომ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა ნიშნავს, აღსრულების ერთი სახის მეორე სახით შეცვლას, რა შემთხვევაშიც იცვლება მხოლოდ აღსრულების ფორმა და არა კრედიტორი და მოვალე.

წინამდებარე შემთხვევაში საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის მოპასუხეს (მოვალეს) წარმოადგენდა ორი პირი: სს ,,ტ.-ი” და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ამასთან, გადაწყვეტილების შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, თითოეული მათგანის მიმართ წარდგენილი იყო და დაკმაყოფილდა კონკრეტული მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ადასტურებს, რომ სს ,,ტ.-ის” საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით ჩანაცვლება, გამოიწვევს საქმეზე ერთი მოპასუხის მეორეთი შეცვლას, რის შედეგადაც სახეზე იქნება არა აღსრულების წესისა და საშუალების, არამედ გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ნახშირის მრეწველობის სისტემაში ... კავშირის თავმჯდომარის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.