Facebook Twitter

ბს-334-316(კს-07) 20 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია

მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები: 1. სს “კ.-ი”; 2. სს “ქ.-ი”; 3. სს “ტ.-ი”; 4. სს “რ.-ი”; 5. შპს “ა.-ი”; 6. სს “ი.-ა”

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო გაკოტრების არაერთი საქმე ყოფილი მსხვილი ფაბრიკა-ქარხნების, კერძოდ: სს “კ.-ის”, სს “ქ.-ის”, სს “ტ.-ის”, სს “რ.-ის”, შპს “ა.-ის”, სს “ი.-ს” და სხვათა მიმართ, რომელთაც გააჩნდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რასაც წლების განმავლობაში ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული გაკოტრების ტაბულის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა ზემოხსენებული საწარმოების პირველი რიგის კრედიტორს და ობიექტურად იყო დაინტერესებული, გაკოტრების მმართველებს დროულად მოეხდინათ მათი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია ამონაგები თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის მიზნით, რასაც აბრკოლებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უარს აცხადებდა, შესაბამისი საზღაურის გადახდის შემთხვევაში, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა გაკოტრებულ საწარმოთა უძრავი ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ნაწილი და მოითხოვდა საზღაურის მთლიანი თანხის წინასწარ გადახდას იმ მოტივით, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ, სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებისას უძრავი ნივთის ნაწილ-ნაწილ რეგისტრაციას. მოსარჩელის მტკიცებით, ხსენებული კანონი არ კრძალავდა აღნიშნულს კანონით დადგენილი საზღაურის გადახდის შემთხვევაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზემოხსენებულ საწარმოთა გაკოტრების მმართველების მიერ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების დადგენილ ვადაში პირველადი სახელმწიფო რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება, თუკი ამით არ შეილახებოდა მესამე პირთა კანონიერი ინტერესები და ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციო ქონების გამოყოფა დანარჩენი არარეგისტრირებული ქონებისაგან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს “კ.-ა”, სს “ქ.-ი”, სს “ტ.-ი”, სს “რ.-ი”, შპს “ა.-ი” და სს “ი.-ა”.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სს “კ.-ის”, სს “ქ.-ის”, სს “ტ.-ის”, სს “რ.-ის”, შპს “ა.-ისა” და სს “ი.-ს” გაკოტრების მმართველთა მიერ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში, დადგენილ ვადაში მოეხდინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების პირველადი სახელმწიფო რეგისტრაცია, თუკი ამით არ ილახებოდა მესამე პირთა კანონიერი ინტერესები და ტექნიკურად შესაძლებელი იყო სარეგისტრაციო ქონების გამოყოფა დანარჩენი არარეგისტრირებული ქონებისაგან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 თებერვალს, 13.00 საათზე.

2007 წლის 25 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა შესაგებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე და აღნიშნა, რომ ხსენებული სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან აღნიშნული სააგენტოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 10 ნოემბერს, რის შემდეგაც, იმავე წლის 16 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას გადაეცა მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მტკიცებით, აპელანტმა გაუშვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თვლიდა, რომ სადავო გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს და აუცილებელი იყო მისი მიწვევა საქმის განხილვაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებით უნდა მიემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის და მოეთხოვა ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული სააგენტო კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამთავრებულ ადმინისტრაციულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და არც მესამე პირად ყოფილა ჩაბმული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რის გამოც იგი ხსენებული კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებით ვერ ისარგებლებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა ერთი დღის დაგვიანებით _ იმავე წლის 13 ნოემბერს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, ხსენებული საჩივარი იყო დაუშვებელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების" პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხოლო იმავე დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას საქართველოს ტერიტორიებზე, სამართლებრივ ურთიერთობებში კი მხარეს არ წარმოადგენენ. სასამართლოში მხარედ შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული საკითხის დაყენების საშუალება არ მიეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რადგან იგი არ მიუწვევიათ სასამართლო სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 27 ოქტომბერს ჩაჰბარდა არა აპელანტს, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის კი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი, ამ შემთხვევაში, მხარეს არ ჩაჰბარებია.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაშიც კი ვადაში არის წარდგენილი, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიჩნეული იქნება ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი _ 2006 წლის 27 ოქტომბერი, რადგან სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2006 წლის 10 ნოემბერს, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე მტკიცებულების სახით დართული შპს ,,...-ს ფოსტის" შეკვეთილი გზავნილების სია და შესაბამისი ქვითრები, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აპელანტს არ გაუშვია.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი გამოასწორა იმავე განჩინებით დადგენილ ვადაში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ათდღიანი ვადის დაუცველად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 13 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ოქტომბერს (ს.ფ. 62). 2006 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმავე სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ს.ფ. 63). 2006 წლის 13 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ს.ფ. 65-67). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლების წარმოუდგენლობის გამო და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა იმავე წლის 20 დეკემბრამდე (ს.ფ. 69). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 თებერვალს, 13.00 საათზე (ს.ფ. 74-75). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის მეორე განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა 5 თვით _ 2007 წლის 29 აპრილამდე (ს.ფ. 76). 2007 წლის 25 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა შესაგებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამთავრებულ ადმინისტრაციულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და არც მესამე პირად ყოფილა ჩაბმული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რის გამოც იგი ხსენებული კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებით ვერ ისარგებლებდა (ს.ფ 77-79). 2006 წლის 16 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ს.ფ. 80). 2007 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი _ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მათი პაექრობა და გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად (სასამართლო სხდომის ოქმი _ ს.ფ. 98-100). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 103-105). აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (ს.ფ. 107-111).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა ერთი დღის დაგვიანებით _ იმავე წლის 13 ნოემბერს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, ხსენებული საჩივარი იყო დაუშვებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც მოცემული სAქმის მასალებიდან ირკვევა, მართალია, ხსენებულ მასალებში არსებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლის გზავნილზე (ს.ფ. 62) მითითებულია, რომ იგი გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მასზე აღნიშნულია, რომ იგი გაიგზავნა არა დასახელებული სააგენტოს, არამედ ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მისამართზე, კერძოდ, ...-ის ¹3-ში, ხოლო იგი ადრესატს ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ოქტომბერს. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ჩაბარება და უფრო მეტიც, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის 2006 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარების შემთხევვაშიც კი, მის მიერ დაცული იქნებოდა დასახელებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 27 ოქტომბერს ჩაჰბარდა არა აპელანტს, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაშიც კი ვადაში არის წარდგენილი, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიჩნეული იქნება ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი _ 2006 წლის 27 ოქტომბერი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების" პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხოლო იმავე დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც აღნიშნული დებულების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს, როგორც სარეგისტრაციო სამსახურების ზემდგომმა ორგანომ, პირდაპირ განახორციელოს თავისი უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოტანილია სარეგისტრაციო სამსახურების მიმართ. აღნიშნულს ადასტურებს მოცემულ საქმეში არსებული მინდობილობაც, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის იურისტ ნ. გ.-ზე ამ საქმესთან დაკავშირებით, მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენისა და მისი ინტერესების დაცვის შესახებ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (ს.ფ. 96).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივარზე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივარზე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.