Facebook Twitter

ბს-339-321(კს-07) 12 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ფ”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ფ.-მა” მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, აღნიშნული სამსახურის აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹7-ში ჰქონდა ფოტოლაბორატორია და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ ფოტოლაბორიტორიაში გასაგრილებლად დამონტაჟებული ჰქონდა “კარიერის” ფირმის კონდენციონერი. 2006 წლის 7 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან მიიღო წერილი, რომელიც ავალდებულებდა კონდენციონერის სხვა ადგილას გადატანას ან საერთოდ მოხსნას, იმის გამო რომ იგი საფუძვლად დაედო მოსახლეობის საჩივარს. მოსარჩელემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს მოსთხოვა განმარტება, თუ რომელ სანიტარულ ნორმებს არღვევდა. 2006 წლის 13 სექტემბრის ¹20-1/06-2348 საპასუხო წერილით განემარტა, რომ მისი მხრიდან ირღვეოდა სანიტარული ნორმები, ხოლო რომელი, ამაზე არაფერი იყო ნათქვამი. მოსარჩელე იძულებული გახდა, თავად მოეძია აღნიშნული სანიტარული ნორმები და მათი მიხედვით ჩაეტარებინა შემოწმება ხმაურის პარამეტრებზე. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შესაბამის ტერიტორიაზე დილის 7-დან საღამოს 23 საათამდე ხმაურის სიმაღლის მინიმალურ დონედ ითვლება 55 დბ, ხოლო მაქსიმალურ დონედ _ 70 დბ, კონდენცირების ტექნიკური მონაცემებით კი იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეადგენს მხოლოდ 50 დბ-ს.

მოსარჩელის მითითებით, სანიტარული კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ¹297/ნ ბრძანების შესაბამისად, მოპასუხეს სპეციალური აპრობირებული და ლიცენზირებული ხმის საზომი საშუალებით უნდა გაეზომა ხმის სიმაღლე, ვიდრე დაადგენდა, დარღვეული იყო თუ არა სანიტარული ნორმები. გარდა ამისა, მისი ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებული იყო “.... ბანკის” კონდენციონერი, რომლის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

მოსარჩელემ სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე (ს.ფ. 3-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ფ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 7 აგვისტოს ¹20-1/09-1145 და 2006 წლის 13 სექტემბრის ¹20-1/06-2348 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს “ფ.-თვის” ჰაერის კონდიცირების დანადგარის გადატანის, სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე სავენტილაციო სისტემის გამომყვანი მილის მდებარეობის შეცვლის დავალების თაობაზე (ს.ფ. 40-46).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 52-54).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ს.ფ. 64-65).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ჩაბარდა 2007 წლის 7 მარტს, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა 2007 წლის 14 მარტს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 7 მარტს. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 8 მარტს და დასრულდა 12 მარტს. აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2007 წლის 14 მარტს, ანუ განჩინებით დადგენილი 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას (ს.ფ. 72-74).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დ. ე.-ი, რომელიც ხელს აწერდა სააპელაციო საჩივარს, 2007 წლის 3 მარტიდან 13 მარტამდე იმყოფებოდა ბაკურიანში ... საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე “ბ.-ი”, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო საჩივარზე ხელის მოწერა და რომ ამის დასადასტურებლად წარმოადგენდა კონფერენციაზე გაცემულ სერთიფიკატს, მაგრამ ვერ დაურთო კერძო საჩივარს, ვინაიდან იგი გაიცემოდა კონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დანიშნული ვადის გაშვების საპეტიოდ მიჩნევა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ს.ფ. 80-81).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან უშუალოდ სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 64-65). აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 7 მარტს (ს.ფ. 67), ხოლო ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 14 მარტს (ს.ფ. 68). ამდენად, აპელანტმა გაუშვა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა, რის გამოც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დანიშნული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე უსაფუძვლოა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვადის საპატიოდ მიჩნევისათვის მითითებული გარემოება _ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი სამსახურის უფროსის მოადგილის ბაკურიანში კონფერენციაზე ყოფნა არ წარმოადგენს იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქალაქო სამსახურის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძვლად. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, რომ საქალაქო სამსახურის სხვა თანამდებობის პირის მიერ შეუძლებელი იყო სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. ამასთან, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.