ბს-353-340(კს-08) 18 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
'
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 მარტს ო. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების 2005 წლის 6 ივნისის ¹04-03/14019 საგადასახადო მოთხოვნისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 16 ივნისის ¹04-03/4503 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების არარა აქტებად აღიარებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებითი ი/მ ,,ო. კ.-ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ.-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ო. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ¹3ბ/1574 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია სარჩელი აღძრას ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, რაც გამორიცხავს სარჩელის აღძვრას ამავე კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისანი-სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება ი/საწარმო ,,ო. კ.-ის” ლიკვიდაციის შესახებ სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 20 მარტის დადგენილებას. სასამართლო დადგენილება პრეიუდიციული ძალისაა და აქედან გამომდინარე, მისი შეუსრულებლობა საგადასახადო ინსპექციის მხრიდან გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
სააპელაციო პალატის მითითებით, სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 20 მარტის დადგენილება არ შეიცავს სასამართლოს დავალებას საგადასახადო ინსპექციის – როგორც მოპასუხის მიმართ, შესაბამისად იგი არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტთა წრეში, რაც ცალსახად გამორიცხავს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლერივი აქტების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად განხილვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილების რედაქცია) სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ.-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. კ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით განსაზღვრული წანამძღვრები.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 6 ივნისის ¹04-03/14019 საგადასახადო მოთხოვნისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 16 ივნისის ¹04-03/4503 საგადასახო გირავნობის იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინების არარა აქტებად აღიარება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" პუნქტის საფუძველზე სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ამავე საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს სარჩელის ერთ-ერთ ფორმას, რომლითაც დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არარსებობის ფაქტი. აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს პირის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში, ან არარსებობაში. ამასთან, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.
წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ აქტთან მიმართებაში კერძო საჩივრის ავტორს გააჩნია კანონიერი ინტერესი, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
ამდენად, ნორმის მითითებული მოთხოვნა წარმოადგენს სარჩელის დასაშვებობის კიდევ ერთ წინაპირობას, რომლის არარსებობაც გამორიცხავს მსგავსი სარჩელის დაშვების შესაძლებლობას.
მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, თუ სადავოდ გამხდარი აქტები ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ამ შემთხვევაში სარჩელი უნდა აღიძრას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აღნიშნავს, რომ სწორედ მითითებული მახასიათებელი განასხვავებს აღიარებით სარჩელს შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელის სახეებისაგან.
რაც შეეხება კერძო საჩივარში წარმოდგენილ საფუძვლებს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული გარემოებები იძლევა იმის დასტურს, რომ სარჩელი აღძრული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის და არა ამავე კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით წინამდებარე სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტას და თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.