Facebook Twitter

¹ბს-361-342(კს-07) 15 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 1; 10-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 6 სექტემბრის აა¹082641 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი; შეწყდა ა. ბ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება(იხ. ს.ფ. 41-43).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ყვითლიდან წითელზე გარდამავალ ფერზე მოძრაობა არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აპელანტმა განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლა. კოდექსით არ არის განსაზღვრული თუ რომელი ფერია ამკრძალავი, ხოლო საგზაო მოძრაობის წესების სახელმძღვანელოს თანახმად: ,,ყვითელი სიგნალი კრძალავს მოძრაობას” (იხ ს.ფ. 47).

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 26 მარტის განჩინებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სსსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ხსენებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეუტანლობის შემთხვევაში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2007 წლის 26 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 14 მარტს, შესაბამისად, აპელანტმა გაუშვა გასაჩივრების 14 დღიანი ვადა და საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. ს.ფ. 48-49).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის მოტივები:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება მათ ჩაჰბარდათ 1 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 14 მარტს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილების ჩაბარების რეგისტრაციის ბეჭედი, სადაც აღნიშნულია ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცული იყო სსსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 52).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 58-59).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივრის მოტივი და წარმოდგენილი გზავნილი ექვემდებარება საფუძვლიან გამოკვლევასა და გადამოწმებას სააპელაციო სასამართლოს მიერ, რათა არ შეიზღუდოს მხარის საპროცესო უფლებების რეალიზაცია, საპროცესო მოქმედების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების დადასტურების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 26 მარტის განჩინებით შეამოწმა რა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე მოქალაქეთა მისაღები განყოფილების მიერ დასმულ შტამპზე სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2007 წლის 14 მარტი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლო თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონით და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძოO საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებული არგუმენტები დასაბუთებულია, რადგან მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ გზავნილზე საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2007 წლის 1 მარტი (იხ. ს.ფ. 53), ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2007 წლის 14 მარტს, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გააკეთოს სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კორესპონდენციათა მიღებისა და რეგისტრაციის ჟურნალი და გამოიკვლიოს, როდის ჩაჰბარდა მხარეს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგან კერძო საჩივარზე თანდართული გზავნილის თანახმად, საპატრულო პოლიციას გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 1 მარტს, ხოლო იმ გზავნილის მიხედვით, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2007 წლის 26 თებერვალი (იხ. ს.ფ. 46). აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს საქალაქო სასამართლოს კურიერის ჩანაწერების ჟურნალი, თუ რომელ რიცხვში ჩააბარა გზავნილი საპატრულო პოლიციას.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპატრულო პოლიციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.